ახალი ამბები

ლევან კობერიძე: არავის გადადგომაზე არ გვისაუბრია, Unicef-ის კვლევა განვიხილეთ

12 ივნისი, 2018 • 2899
ლევან კობერიძე: არავის გადადგომაზე არ გვისაუბრია, Unicef-ის კვლევა განვიხილეთ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართული 3-საათიანი კონსულტაციების დროს “ქართული ოცნების” წევრები UNICEF-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ  კვლევაზე საუბრობდნენ.

დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე “ქართული ოცნების” წევრებს არ უსაუბრიათ რომელიმე მინისტრის გადადგომის საკითხზე. კობერიძეს ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ პარტიის წევრების ნაწილი უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ მთავრობაში ცვლილებების დრო იყო, რაზეც კობერიძემ განაცხადა, რომ თუ ვინმე მსგავს კომენტარს აკეთებდა, კითხვითაც იმ პირებს უნდა მიმართონ.

“დღევანდელ შეხვედრაზე იყო განხილული გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონაცემები. ის ეხება ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხს, მოსახლეობის კეთილდღეობასთან მიმართებით და, შესაბამისად, იყო განხილული იქ წარმოდგენილი პოზიტიური და ნეგატიური მონაცემები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. ჩვენი გუნდი მსჯელობდა, რა უდნა გაკეთდეს ეკონომიკაში იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი”, – უთხრა კობერიძემ ჟურნალისტებს.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ამ ხმების პარალელურად, დღესვე, 15 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში დაიწყო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ივანიშვილთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

სხდომაზე მისული დეპუტატები არ გამორიცხავდნენ ცვლილებებს.

“პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე მე ახლა პასუხს ვერ გაგცემთ. ცვლილება შესაძლებელი მგონია, რადგან ყოველ ჯერზე საჭიროა გარკვეული განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა და აჩვენა პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას”, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

“ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ “მთელი რიგი ცვლილებები საჭიროა, მათ შორის, თვისობრივი ცვლილებები.”

ბოლო დროს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების უმთავრეს მოთხოვნათა შორის იყო პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი