სოზარ სუბარის დეკლარაციის მიხედვით, მინისტრმა ქალაქ თბილისში 190 000 დოლარად ღირებული ბინა შეიძინა, დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ სოზარ სუბარმა საცხოვრებელი ბინის შესაძენად 140 000 დოლარის ღირებულების სესხი აიღო ბანკ “ქართუდან”.
სასჯელაღსრულების მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული ორი მონაცემი ერთ ბინას უკავშირდება, რომლის შესაძენადაც მან სესხი აიღო:
“შარშან ნამდვილად ვიყიდე ერთი ბინა და ეს არის ჩემი მთელი შენაძენი, ამისთვის ავიღე ბანკიდან ვალი, ათწლიანი სესხი მაქვს და ვიხდი ჩვეულებრივი პროცენტით, სტანდარტული 11%. 10 წლის განმავლობაში უნდა დავფარო ეს ფული. ორი მონაცემი, რომელიც წერია დეკლარაციაში, ერთია ბინის ყიდვა და მეორე- სესხის აღება, ლაპარაკია ერთსა და იმავე ბინაზე, თუმცა მე მქონდა ძალიან მწარე გამოცდილება ბინასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2005 წელს დავიწყე თანხის გადახდა მშენებლობაში, მაშინაც დამჭირდა ვალის აღება ბანკისგან, რომელსაც წლების განმავლობაში ვფარავდი და ეს ბინა დღემდე არ არის აშენებული, ე.წ. ჰაერია. მოაგვიანებით ამ ბინის მშენებლობა დექსუსმა გააგრძელა, 2009–10 წელში, ზუსტად აღარ მახსოვს, რაღაც ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ “დექსუსთან”, თუმცა მაინც არ გაგრძელდა და ეს ბინა ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია. მაქვს ერთი ბინა, რომელიც შევიძინე წელს”.– განაცხადა სუბარმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა სასჯელაღსრულების სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიასაშუალება „გურიანიუსი“ ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით მიუთითებდა, რომ სოზარ სუბარმა 2013 წელს 2 ბინა შეიძინა, მესამე ბინის შესაძენად კი სესხი აიღო:
“განვმარტავთ, რომ გასულ წელს, მინისტრმა სოზარ სუბარმა მართლაც შეიძინა ბინა, რისთვისაც ბანკიდან 140 ათასი დოლარის ოდენობის ათწლიანი სესხი აიღო. დარჩენილი თანხა კი საკუთარი დანაზოგით დაფარა. სესხის ოდენობისა და მიზნის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია. იმის შესახებ, რომ ბინის შეძენას გეგმავდა, მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის 3 მარტს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „ღია კარის დღე“ ისაუბრა”.–ნათქვამია განცხადებაში.
ხოლო რაც შეეხება ბინას, სადაც მინისტრი ოჯახთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, უწყებაში აცხადბენ, რომ ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ მინისტრმა საკუთარი წილი ძმას დაუთმო.