დეკლარაციის გრაფა “თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს”, ცარიელია.
2013 წლის 13 სექტემბერს ილია მეორე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში სტუმრად იმყოფებოდა, სტუმრობისას მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მაშინ მოქმედ პრემიერ–მინისტრს საჩუქრად “ULYSSE NARDIN”-ის საათი აჩუქა. არც პრემიერ–მინისტრის და არც საპატრიარქოს პრესსამსახურმა საათის ღირებულების შესახებ შეკითხვებს არ უპასუხა.
თუმცა “ULYSSE NARDIN” შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც უკვე 165 წელია, რაც მექანიკურ საათებს აწარმოებს. ჟურნალ “Watchtime”-ის მიხედვით, Ulysse Nardin–ი საათების რამდენიმე სერიას აწარმოებს, მათ შორის ერთ–ერთია Marine Collection–ის სერია. პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საათი სწორედ ამ სერიის პროდუქტია.
Marine Collection–ის კიდევ უფრო ვიწრო მიმართულებაა The Marine Chronometer Manufacture, რომელიც ხელმისაწვდომია სამი სახით: 1. შეზღუდული გამოშვება საათებისა (350 ტირაჟით) ოქროს ნაწილებით, რომლის ფასი არის $38,600 , შეუზღუდავი გამოშვება ორფერიანი ტიტანიუმის მასალით, ოქროთი დამზადებული მასალითა და ოქროს მოსამართით, რომლის ფასია $17.800, და უჟანგავი რკინით/ტიტანიუმით დამზადებული ციფერბლატი, რომლის ფასი არის $10,400.
მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საათი, რომელიც პატრიარქმა აჩუქა პრემიერს, არქივს გადაეცემა:
“საათს რაც შეეხება, ეს არის შეუფასებელი, რამეთუ პატრიარქის საჩუქარია და განსაკუთრებით ძვირფასია, მას ფასი არ აქვს, იმაზე მეტი ღირს ალბათ, რასაც აფასებენ ექსპერტებიც, შესაბამისად, ეს, როგორც წესია, არსებობს ასეთი წესი, და იმ წესითვე განთავსდება პატრიარქის მიერ პრემიერის საჩუქრებში. არსებობს ამის არქივი და იქვე იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა “ნეტგაზეთის” შეკითხვის საპასუხოდ.
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. კანონის მოთხოვნის თანახმად, მას ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება. ივანიშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 31 დეკემბერს წარედგინა შესაბამის უწყებას.
შეგახსნებეთ, ქონებრივი დეკლარაციია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.