ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციები აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ

4 იანვარი, 2014 •
სამოქალაქო ორგანიზაციები აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ

მიმართვის ინიციატორები არიან  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”აჭარის ფილიალი, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი”, “ბორჯღალი”  და “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, თუმცა მიმართვას სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. 

 

მიმართვის ტექსტს “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:


“მოგესხენებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილმა კომისიამ უმაღლესი შეფასება   “დემოკრატიის ინსტიტუტის’’ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, გენო გელაძის კანდიდატურას მისცა.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საქართველოს პარლამენტს გენო გელაძის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად (სხდომას ესწრებოდა 18 დეპუტატი და 17-მა წარმოდგენილ კანდიდატურას დაუჭირა მხარი). თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა მის მიერვე შექმნილი კომისიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პოზიცია (გადაწყვეტილება) და არ დაამტკიცა გენო გელაძის კანდიდატურა (უარის არგუმენტი არ გაცხადებულა).


ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ საპარლამენტო კომისიის მიერ შერჩეული 27-კაციანი სიიდან გენო გელაძის კანდიდატურას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, ალტერნატივა არ აქვს. კერძოდ:

 

1) სასურველია, აჭარის კვოტით აჭარაში სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული პირი დასახელდეს;

 

2) გენო გელაძის კანდიდატურას საპარლამენტო კომისიამ უმაღლესი შეფასება მისცა;

 

3) უმაღლესმა საბჭომ თავისუფალი ნების პირობებში ერთხელ უმრავლესობით გააკეთა არჩევანი და სასურველია, 6 იანვარს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა დეპუტატმა არჩევანი ისევ თავისუფალი ნების პირობებში გააკეთოს.

 

4) გენო გელაძე არის პროფესიონალი იურისტი, განათლების დოქტორი და წლების განმავლობაში მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხზე.

 

ჩვენ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიმედოვნებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გამოიჩენს პრინციპულობასა და სამართლიანობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და  2014 წლის 6 იანვარს საქართველოს პარლამენტს კვლავინდებურად   გენო გელაძის კანდიდატურას წარუდგენს”.- ნათქვამია მიმართვის ტექსტში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი