ბიბისის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები აღდგეს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა:

 

“მე ვფიქრობ, რომ თავად აფხაზებისა და ოსების ინტერესშია პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, პირობებს აყენებენ ისინი. როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ მათთან ურთიერთობას აზრი არ აქვს, რომ ისინი არ წარმოადგენენ მხარეს და უბრალოდ მარიონეტები არიან რუსეთის ხელში, მათ სწყინდათ. მაგრამ ახლა, როცა ჩვენ ვთავაზობთ ურთიერთობას, ისინი პირობებს აყენებენ. იცით, მე მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, რომ სააკაშვილი მართალი იყო. არ მინდა აღმოჩნდეს,  რომ აფხაზები და ოსები არაფერს წყვეტენ და მოლაპარაკებები  პირდაპირ მოსკოვთან მოგვიწიოს. ეს არ არის ის შედეგი, რომლის მიღწევაც გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო და ქართულ მხარეს მოთმინება ჰყოფნის. პრობლემები აფხაზებსა და ოსებს აშკარად ბევრი აქვთ. მათ უკეთეს პირობებში ცხოვრება სურთ, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად. ჩვენ მუდმივად გვესმის პრეტენზიები, რომ ამ რეგიონების მაცხოვრებლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. არის სხვა პრობლემებიც. ჩვენ  მზად ვართ მათ დავეხმაროთ, თუ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური საკითხები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ჰუმანიტარულ საკითხებზე ვფოკუსირდეთ. მაგრამ სად უნდა განვიხილოთ ეს პრობლემები, როცა პირდაპირი მოლაპარაკების ფორმატი არ არსებობს”.– განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

 

მისივე თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ აფხაზებმა და ოსებმა  ბევრი მოიგეს რუსეთის მიერ  მათი დამოუკიდებლობის აღიარებით.

 

“საქართველო მათ სხვა ფორმატში თავაზობს თვითრელიზაციას. რეალობა ასეთია, საქართველო მიდის ევროპისკენ, რუსეთი კი გავლენას კარგავს კავკასიაზე”– აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *