ილია მეორის შემდეგ 2014 წლის დადგომა ქვეყნის მოსახლეობას ჯერ საქართველოს პრეზიდენტმა და შემდეგ პრემიერ- მინისტრმა მიულოცა. სატელევიზიო მილოცვებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეკომპანია “იმედი” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი”.
“ნეტგაზეთი” უცვლელად გტავაზობთ ილია მეორის საახალწო მილოცვის ტექტს:
“ყველას მოგესალმებით, ღვთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი. ყოველ ახალ წელს ჩვენ ვხვდებით დიდი იმედებით და დღესაც ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს. უპირველეს ყოვლისა ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეიცნოს თავი თვისი, ჯერ ძველი რომაელები ამბობდნენ- შეიცანი თავი შენი. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია, ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ განიწმინდოს თავისი გული და გონება ბოროტებისაგან. ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია ჩვენი, საიმედოა. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და, მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ თანამშროლობის და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს.
გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელ საქართველოს, ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალ და ეს იმედი ჩვენს რწმენაზეა დამყარებული. მმართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში.
დღეს, მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ უძლურებასა შინა მყოფთა, ავადმყოფებს, საავადმყოფოებსა თუ სახლში მყოფთა. მე ვულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთ და გისურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, მწუხარება, სიხარულით შეიცვალოს. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღე. შვილი უნდა ღებულობდეს ლოცვა-კურთხევას თავის დედისაგან და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. ამ მთხვევის დროს ღვთის ლოცვა-კურთხევა გადმოვა თქვენზე”.-ამ სიტყვებით მიულოცა ახალი წელი ილია მეორემ ქვეყნის მოსახლეობას.