კონცერტის მედიაპარტნიორი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ია და მათთვის, ვინც რიყეზე მისვლას ვერ შეძლებს, გალაკოცერტი პირდაპირი ეთერით მხოლოდ აღნიშნულ არხზე გადაიცემა:
“კონცერტის კონცეფციაა დროის მანქანა, 30-იანი წლებიდან 2013 წლამდე მნიშვნელოვანი მსოფლიო და ქართული ჰიტები. არტისტები სწორედ ამ პერიოდის სიმღერებში გვამოგზაურებენ. მეორე მთავარი კონცეფციაა ორი სცენის გაერთიანება, ესტრადის მომღერლები და სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ბენდები ერთ სცენაზე, იქნება მათი დუეტები და განსხვავებული მუსიკალური ფროდაქშენი”- განაცხადა “ალტერვიჟენ ჯგუფის” წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისივე თქმით, დუეტებს შეასრულებენ: ლელა წურწუმია და ტეტე (Me & My Mokey), მიშა ანდღულაძე და “პორნოპოეზია”, ეკა მამალაძე, სამორი ბალდე და ჯგუფი BearFox, ნეკა სებისკვერაძე და SoftEject, დათო ფორჩხიძე და ჯგუფი ZurGi- თუმცა ეს სრული ჩამონათვალი არაა.
ღონისძიების რეჟისორია ზაალ ჩიქობავა. გალა-კონცერტი 22:30 საათზე დაიწყება და დაახლოვებით 3 საათს გაგრძელდება. კონცერტს თიკა ფაცაცია, ვანიკო თარხნიშვილი, ნიკა გრიგოლია და დიმა ობოლაძე წაიყვანენ. გალა-კონცერტზე დაგეგმილია გრანდიოზული ფოიერვერკი.
დღესასწაულთან დაკავშირებით ახალი წლის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს.
“მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება დამატებით ორი საათით და 31 დეკემბერს, საღამოს 11 საათიდან იქნება უფასო. რიყეზე დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, გახანგრძილვდება ასევე საბაგიროს მუშაობაც და ის ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს. 23:00 საათიდან 02:00 საათამდე საბაგიროს მუშაობაც იქნება უფასო”.- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

