ახალი ამბები

სკოლის დირექტორი – არ მოიძებნება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დათო სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა

8 ივნისი, 2018 • 4532
სკოლის დირექტორი – არ მოიძებნება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დათო სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა

ზაზა სარალიძის თქმით, Facebook-ზე სხვადასხვა გვერდის მეშვეობით მის შვილზე, დავით სარალიძეზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ის მოძალადე იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა სარალიძემ მოუწოდა 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, სადაც დავით სარალიძე სწავლობდა, მისი შვილის ყოფაქცევაზე განცხადება გაეკეთებინა.

“Facebook გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ჩემი შვილი გამომძალველი და მოძალადე ყოფილა. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოაშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა და თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან და არ დამალონ არაფერი. თუ მოძალადე არ იყო, ესეც თქვან,”- აცხადებს ზაზა სარალიძე.

51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქია სიცრუეს უწოდებს დავით სარალიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ის წესიერი და თავაზიანი მოსწავლე იყო.

“დათო იყო თავაზიანი, წესიერი, ძალიან საყვარელი ადამიანი. ამხელა სკოლაში და აქ ძალიან ბევრი მოსწავლე და მასწავლებელია, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ დათო ვინმეს ჩაგრავდა. დათო იყო ძალიან კეთილი. თვითონ რეპავდა ხოლმე სკოლის დერეფანში და იძახდა :”მე ვარ ბიჭი პოზიტივი”. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ბევრი სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი. ვერ გეტყვით, ეს სიცრუე რას ემსახურება,”-უთხრა სკოლის დირექტორმა “პირველ არხს”.

პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი დავით სარალიძე 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი