ახალი ამბები

იმერლიშვილის განმარტებები ახალი ავტომობილის, ტელეფონის, კომპიუტერის და ჩანთის შესახებ

27 დეკემბერი, 2013 •
იმერლიშვილის განმარტებები ახალი ავტომობილის, ტელეფონის, კომპიუტერის და ჩანთის შესახებ


ქალბატონო ირინა, სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თქვენ მიერ კვირის პალიტრისთვის მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც თქვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ ტოიოტა პრადო, რომლითაც თქვენი წინამორბედი გიგა ბოკერია სარგებლობდა, სიგარეტის კვამლით იყო გაჟღენთილი და სწორედ ეს გახდა თქვენ მიერ მანქანის შეცვლის ერთ–ერთი მიზეზი…

სიგარეტის სუნი, რა თქმა უნდა, არ იყო მთავარი პრობლემა ამ მანქანის. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ძალიან ბევრი დაცვის მექანიზმები იყო ჩამონტაჟებული ავტომობილში: შედუღაბებული იყო სავარძლები და ასე შემდეგ. უამრავი თემა იყო. თვითონ ის მანქანაც, რომელიც თავის დროზე უშიშროების საბჭომ შეიძინა, არანაკლები ღირებულების იყო, რაც ეს [ახალი] მანქანაა. ჩვენ წავედით იგივე ფირმაში, იგივე მოდელზე, რაც განსაზღვრული იყო უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და რაიმე ახალი ტიპის კომფორტის დამატება არ მოგვითხოვია. ეს არის იგივე მოდელი, იგივე ფირმაში… ეს გავაკეთეთ სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ახალი მანქანის შეძენა, არამედ განხორციელებულიყო იმავე მანქანის ჩანაცვლება, რაც არსებობდა საბჭოში. ჩატარდა აუდიტი, ნაწილი თანხისა, რა ფასადაც შეფასდა მანქანა, იქნა დაბრუნებული… დაბრუნებული ფულად კი არა, ასე ვთქვათ, ახალი მანქანით ჩანაცვლებული და საბჭოს მოუწია რაღაც გარკვეული თანხის დამატება, ოღონდ იმ თანხით სხვა მანქანას ვერ შევიძენდით. ამიტომ მოხდა ზუსტად იმ ფირმაში წასვლა და იგივე მოდელით ჩანაცვლება, რაც იყო განსაზღვრული უშიშროების საბჭოს მდივნისთვის. ახლა მუშავდება ახალი ნორმები მთავრობაში, ვის როგორი მანქანა უნდა ჰყავდეს, ეს არის უწყება, რომელიც გათანაბრებული არის ძალოვან მინისტრებთან. თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ძალოვან მინისტრებს, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანს, არ უნდა ჰყავდეს ასეთი ტიპის მანქანა, ცხადია, ჩვენ დავემორჩლებით და შევცვლით მანქანას, თუმცა მე ამას არ ველი… ვნახოთ, რას შეიმუშავებს მთავრობა და მერე იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. სხვა დამატებითი თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი და მოთხოვნილი არ ყოფილა, რაც არ იყო განსაზღვრული [უშიშროების საბჭოს] ბიუჯეტით.

 

მაშინ რა საჭირო იყო აქცენტირება სიგარეტის კვამლზე?

 

მე მოგახენეთ უკვე, რა მიზეზის გამოც გამოვცვალეთ მანქანა.

 

თქვენ იქ ახსენებთ სიგარეტის კვამლს…

 

სიგარეტის კვამლი იყო ყველაზე ნაკლები მიზეზი, თუ შეიძლება ეს საერთოდ მიზეზად ჩავთვალოთ.

 

თქვენ გაქვთ მოყვანილი ეს მიზეზი… იმ შედუღაბებული სავარძლების პრობლემის ისე მოხსნა, რომ ახალი მანქანა არ გამხდარიყო საჭირო, არ შეიძლებოდა?

 

არა, რა თქმა უნდა. მანქანა იყო ისეთ მდგომარეობაში, რომლის შენახვაც შეიძლება დამჯდარიყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე… ზუსტად რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია თანხის იმ ოდენობის შესახებ, რომელიც დაეხარჯა აჭარის უზენაეს საბჭოს მანქანის რემონტზე: 13 ათას ლარზე მეტი. ამ თანხად თუკი იქნებოდა შესაძლებელი, მანქანის ჩანაცვლებაც შეიძლებოდა. მართალია, ის სხვა მანქანას ყიდულობდა და ჩანაცვლებას არ აკეთებდა და იქ რაღაც სხვა ტიპის მოთხოვნებზე იყო საუბარი, მაცივარზე, მონიტორებზე და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

თქვენ თვითონ ახსენეთ ავთანდილ ბერიძის შემთხვევა და მინდა გკითხოთ…

 

მე ვახსენე იმიტომ, რომ როდესაც მანქანა არის ექსპლუატაციიდან გამოსული, მის რემონტზე იხარჯება არანკლები თანხა, ვიდრე შესაძლებელია არა ახალი ავტომობილის შეძენა, არამედ ძველის ახლით ჩანაცვლება.

 

ჩემს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, მთავარ პროკურორზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 100 ათას ლარზე მეტი ღირებულულების ავტომობილს ყიდულობს სამსახურეობრივი მიზნებისთვის, გავიხსენოთ ავთანდილ ბერიძის შემთხვევა, იკვრება ერთგვარი ზოგადი კონტექსტი და მაინტერესებს, მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. შეგახსენებთ, რომ თქვენ იყავით ის დეპუტატი, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მასალები გაასაჯაროვა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არამიზნობრივად ხარჯავდნენ სახელმწიფო სახსრებს. ეს მასალები თქვენ პროკურატურასაც გადაუგზავნეთ…

 

მომავალშიც ასე მოვიქცევი. იმასაც გეტყვით, რომ არც ერთი თეთრი არ იქნება დახარჯული პირადი ხარჯებისთვის. ამ ორი რამის შედარება სრულიად წარმოუდგენელია. იმ მასალებში იყო საუბარი, თუნდაც იგივენაირ ტელეფონზე [აიფონ 5s], ოღონდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური ხარჯებიდან და ნაწილობრივ საიდუმლო ხარჯებით ნაჩუქარი მეგობრისთვის. საუბარია მეგობრისთვის ნაჩუქარ ნივთზე, რომელიც მას პირად საკუთრებაში გადაეცა და ამის საბუთები გამოქვეყნდა. ამ საბუთებში, რომელზეც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, საუბარი არ არის არც ერთ პირად საკუთრებაზე, ეს არის უშიშროების საბჭოს აპარატის საკუთრება, რომელიც მუშაობს საიდმულო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტებზე და სჭირდება კომუნიკაციების საშუალებები. მე მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ აუცილებლად საჭიროა კომპიუტერი და იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი, მას უნდა ჰქონდეს ტელეფონიც, კომპიუტერიც და მანქანაც. ასე რომ, ამ ორი რაღაცის შედარება წარმოუდგენეილია, რადგან იქ საუბარი იყო პირად საჩუქრებზე, დახურულ ხარჯებზე, ბოტოქსის ინექციების გაკეთებაზე სახელმწიფო ხარჯებიდან, მობილური ტელეფონის გადასახადზე, რასაც ედავებიან ქალაქის მერს, რასაც ედავებოდნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლეს, კოლოსალურ თანხები, რომელიც მხოლოდ საუბარში აქვთ გადახდილი. ეს აპარატი, ისევე როგორც ყველა სხვა ნივთი, რომელიც უშიშროების საბჭოს  მიერ იქნა შეძენილი, დარჩება უშიშროების საბჭოში. ეს არის უშიშროების საბჭოს საკუთრება და არა საიდუმლო ხარჯით გაწერილი პირადი ნივთი.

 

უშიშროების საბჭოს მდივანს დღეს რამდენი მანქანა ემსახურება?

 

მხოლოდ ერთი. მე როდესაც მოვედი სამსახურში, უშიშროების საბჭოს მდივანს დაცვა ჰყავდა, რომელზეც უარი ვთქვი და დავითხოვე, რადგან მე ვფიქრობ, რომ დაცვით სიარული არ მჭირდება. ჰყავდა ორი მძღოლი, რომელიც ურჩია სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და ასევე უარი ვთქვი ამაზე. ასე რომ, მე აქ რაღაც განსაკუთრებული ფუფუნებით არ ვარ აქ გატაცებული. ეს ყველაფერი არის უშიშროების საბჭოს საკუთრება და ასეთად დარჩება კიდევაც. დამატებითი კომფორტისთვის მე არაფერს მოვითხოვ.

თუ მიადევნეთ თვალყური, როგორ მიმდინარეობს იმ საქმის გამოძიება, რომლის მასალებიც თქვენ გაასაჯაროვეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშებიდან?

 

ამ საქმეს იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. მართალი რომ გითხრათ, აღარ მიმიდევნებია თვალი, რა ეტაპზეა ეს საქმე. პარლამენტის ძალიან ბევრი  წევრი იყო ამ ყველაფერში ჩართული. დეპუტატები მაშინ მოწმის სახით დაკითხვაზე არ მიდიოდნენ, შესაბამისად, ვერ გეტყვით, არის თუ არა ვინმე ამ თემაზე დაკითხული, ეჭვი მეპარება. თუმცა ის ყველაფერი, რაზეც მე მაშინ ვისაუბრე, არის დოკუმენტირებული და არაფერი ზეპირად და ჭორის დონეზე მე არ მითქვამს.

 

ახლა ლაპარაკობენ, რომ იუშენკოს უთვლიდა ხარჯებსო, მე იუშენკოს არ ვუთვლიდი ხარჯებს, მე იუშენკოსთან არაფერი შეხება და ინტერესი არ მქონია. მე ხარჯებს ვუთვლიდი საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც გაწერილი ჰქონდა არამიზნობრივი, დაფარული და საიდუმლო ხარჯები. ის არ მოხმარდა დაცვის სპეციალურ სამსახურს.

 

რითი დადიოდა მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი? ზუსტად ასეთივე მანქანით. ამ ოფისში გაცილებით დიდი თანხა არის დახარჯული კომპიუტერებზე, მაგრამ ეს არავის მოუკითხავს, ვინაიდან სამსახურში უნდა არსებობდეს კომპიუტერი.

 

თუმცა აქ ყველაზე ძვირადღირებულ კომპიუტერზეა [მაკბუქ პრო] ლაპარაკი?

 

არა, რას ბრძანებთ. უფრო ძვირადღირებული კომპიუტერებიც ძალიან ბევრია. ეს არის კომპიუტერი, რომელიც იყიდება IPHONE–ის მაღაზიაში, რომელიც არის სრულიად გამჭვირვალე და ღია თანხმებით [ნაყიდი].

 

აი, მაგალითად, ამავე დოკუმენტების მიხედვით, კომპიუტერის ჩანთა არის  ნაყიდი თქვენ მიერ 335 ლარად…

 

ჩემ მიერ არ არის შეძენილი.

 

უშიშროების საბჭოს მიერ.

 

უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ და ეს არის უშიშროების საბჭოს აპარატის საკუთრება.

 

არ თვლით, რომ ეს ძვირადღირებული ნივთია თავის დანიშნულებასთან შედარებით?

 

რა თანხაც ღირდა, იმ თანხად შეიძინეს, მე ეს ნივთი არ ამირჩევია. კიდევ ვიმეორებ, ამ ნივთთაგან არც ერთი ჩემი საკუთრება არ არის. ეს არის უშიშროების საბჭოს საკუთრება.

 

დიახ, ეს გასაგებია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ძვირადღირებული ტელეფონი IPHONE 5s, ძვირადღირებული ჩანთა და ასე შემდეგ… რამდენად არის მიზანშეწონილი, რომ საჯარო მოხელე სამსახურეობრივი მიზნებისთვის ყიდლობს ასეთ ნივთებს, ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს გაჭირვებული ადამიანების დიდი რაოდენობა?

 

გაჭირვებული ადამიანები ნამდვილად არსებობენ ქვეყანაში, ნამდვილად არსებობს ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ არსებობს ასევე სტრუქტურები, რომლისთვისაც საჭიროა მუშაობა. ყველაზე ძვირადღირებულზე ნამდვილად არ არის საუბარი, მაგრამ ლაპარაკია ერთ მობილურ ტელეფონზე, რომელიც სამსახურის საკუთრებაა და ასეთად დარჩება, რომლის შეძენაც მოხდა სრულიად გამჭვირვალე, ღია ხარჯებით და არა იმ ხარჯებით, რომელიც განკუთვნილი არ იყო ამისათვის. ჩვენ, უშიშროების საბჭოს აპარატს არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია დამატებით რაიმეს შესაძენად.

 

ახალი სერიაა და ბარემ გეტყვით, იმ რემონტის შესახებ, რომელზეც დაიწყო ლაპარაკი. მოძველებული კომუნიკაციის გამო გუშინ კანცელარიის ხელმძღვანელთან და რეინტეგრაციის მინისტრთან წყალი ჩავიდა. მოგეხსენებათ, კანცელარიაში ყველანი ერთად ვსხედვართ, დასველდა კედელები, ამიტომ აუცილებელი გახდა კედლის განგრევა და მილების შეკეთება. ამასაც წინასწარ ვაანონსებ.

 

რემონტი იწყება?

 

რემონტი ხმამაღალი ნათქვამია, აუცილებლად უნდა შეკეთდეს ის კომუნიკაციები, რომელიც ძალიან ძველია, რათა კიდევ უფრო მეტი ზარალი არ მოუტანოს სახელმწიფო კანცელარიას.

 

ნეტგაზეთმა უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან გასაუბრება სცადა, თუმცა ბოკერიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი მოადგილის, თამარ კინწურაშვილის კომენტარი ჩაწერა იმერლიშვილის იმ განცხადებაზე, რომელიც მანქანაში შედუღაბებულ სავარძლებს ეხება:

“გიგა ბოკერია საკუთარ პირად კომპიუტერს ხმარობდა, სამსახურეობრივი კომპიუტერით არ უსარგებლია არასდროს. მართალი გითხრათ, იმ მანქანაში მეც ვმჯდარვარ და რამე განსხვავებული და განსაკუთრებული სხვა მანქანებისაგან არ ყოფილა. სხვა დეტალები არ ვიცი. არ მგონია, რომ ერთ თვეში შეცვლილიყო მანქანა. ნამდვილად ვერ გეტყვით რამე ეგეთი ყოფილიყო. განსხვავებული სხვა მანქანისგან არ ყოფილა. რის საფუძველზე კეთდება ეს განცხადება, არ ვიცი”, – ამბობს კინწურაშვილი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი