ახალი ამბები

არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ

27 დეკემბერი, 2013 •
არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ

“სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ყურადღება არ მიაქცია არასამთავრობო სექტორის შეშფოთებას და არ გაითვალისწინა არც ერთი რეკომენდაცია. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება უკიდურესად უარყოფითად აისახება ქვეყნაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით და გაუმართლებლად გაახანგრძლივებს სისხლის სამართლის პროცესში მხარეების არათანასწორ მდგომარეობას”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ გუშინ, 26 დეკემბერს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადება განიხილებოდა, მათ არ მიეცათ შესაძლებლებლობა, ბანერების დემონსტრირების გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი უხმო პროტესტი მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მათ სურდათ გამოეფინათ ბანერები წარწერით: „ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის“, „დაიცავით დაცვის უფლება“ და „უთხარით უარი გადავადებას“.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციების წარმომადგენლების ქმედება პარლამენტის საქმიანობას არ აფერხებდა, მანდატურებმა თვითნებურად და უხეში ფორმებით ჩამოხსნეს პლაკატები და ჩვენი წარმომადგენლები აიძულეს დარბაზი დაეტოვებინათ. ჩვენი თანამშრომლების დარბაზიდან გაყვანის ფონზე, პლენარული სხდომის თავმჯდომარემ ქალბატონმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სტუმრებმა ბანერების გადმოფენისთვის სპეციალური ნებართვა წინასწარ უნდა აიღონ”, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი მოქმედებდნენ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონის ფარგლებში, რომლის თანახმადაც იმ დაწესებულებების ჩამონათვალში, სადაც საპროტესტო აქციის განართვა არ შეიძლება, პარლამენტი არ შედის.

 

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა თუ ზოგადად, კანონმდებლობის იმგვარად ინტერპრეტირება, რაც ხელს შეუშლის პარლამენტის საქმიანობაში ჩართული მხარეების განსხვავებული აზრის გამოხატვას. ასევე დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლური ღირებულებების იგნორირება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეში შელახვა”, – ნათქვამია ორგანიზაციების ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.


გუშინ საქართველოს პარლამენტმა 71 ხმით 25-ის წინააღმდეგ ერთი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც მოწმის დაკითხვის ახალი წესი 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდება.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი