სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელმა “ნეტგაზეთს” უამბო, თუ რა სქემით დაიფარა სამინისტროს საახალწლო წვეულების ხარჯები:
“პრემიების სახით დაგვერიცხა 100-100 ლარი, შემდეგ ეს ფული გამოვიტანეთ და ასე შევაგროვეთ რესტორნისთვის. წინასწარ უნდა გვეთქვა, წავიდოდით თუ არა, რომ ეს ფული ჩარიცხულიყო. ვინც არ მოდიოდა, იმათ არ დაურიცხეს”.
ინფორმაციას აღნიშნული სქემის შესახებ კატეგორიულად უარყოფს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაგდა პოპიაშვილი.
“ეს არის სიცრუე. პირადად მე ფული ჩემი ჯიბიდან დავდე. დარწმუნებული ვარ, ყველა დანარჩენმაც დადო თავისი პირადი ბიუჯეტიდან, ვისაც სურვილი ჰქონდა წამოსვლის. ზოგს მოუწია ცოტა უფრო ბევრის დადება, ზოგს ნაკლების,”- ამბობს პოპიაშვილი.
კითხვაზე, რის მიხედვით განისაზღვრა, რომელ თანამშრომელს რამდენი უნდა დაეხარჯა საახალწლო წვეულებაში, ის განმარტავს:
“მაგალითად, მე ვარ პრესსამსახურის უფროსი, ვთვლი, რომ მე უფრო მეტი უნდა დავდო, ვიდრე ჩემმა სხვა თანამშრომელმა. იმიტომ, რომ ჩემი ხელფასი ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ჩემი ჩვეულებრივი თანამშრომლის. თანამშრომლებმა ასე მოვილაპარაკეთ, ვისაც შედარებით მაღალი ხელფასი გვაქვს, შედარებით მეტი დაგვედო, შედარებით მცირე ხელფასი ვისაც აქვს, შედარებით- მცირე. არ ვიცი, ვინ რამდენი დადო, ჩემს განყოფილებაში შეიძლება ვიცოდე, სხვა ნამდვილად არ ვიცი. არც ვიკითხავ და არც კანონი მავალდებულებას ამის გაგებას. სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ სურვილი და, სხვათა შორის – უფლებაც, რომ წლის ბოლოს, წელიწადში ერთხელ კორპორატიულ წვეულებაზე მივიდნენ. ვიღაცამ შეიძლება ხელფასიდან დადო ეს ფული, ვიღაცამ პრემიიიდან, არ ვიცი. ვიღაცამ შეიძლება ქმარს გამოართვა, ან დედას.”
რესტორან “ქართული სახლის” მენეჯერი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, მათ რესტორანში გამართული წვეულებისა და დახარჯული ფულის ოდენობის საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
“სამწუხაროდ, ვერ მოგაწვდით ვერანაირ ინფორმაციას ჩვენთან გამართული წვეულებების შესახებ,”- ამბობს “ქართული სახლის” მენეჯერი.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებს მოუწოდა, რომ საახალწლო კორპორატიული ღონისძიებების გასამართად საბიუჯეტო თანხები არ გამოიყენონ.
“იმის გამო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საბიჯეტო თანხების რაციონალურ ხარჯვას, მოვუწოდებ სახელმწიფო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საახალწლო კორპორაციული ღონისძიებებისთვის არ გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები. საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს საჯარო მოხელეთა ვალდებულებებს კანონისა და სახელმწიფოს წინაშე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

