“სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე 2012 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ეხება 2012 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს. ინფორმაციის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია, რომ 2014 წლის დასაწყისში გაიცემა 2013 წლის მეცამეტე ხელფასი (150-დან 500 ლარამდე) ანაზღაურების მქონე პედაგოგებისთვის და ეს თანხა იქნება 360 ლარი. გარდა ამისა, ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლების და ადმინისტრაციულ – ტექნიკური პერსონალის წახალისებაც მოხდება და მათ 60 – 65 ლარი გადაეცემათ. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ეს 2012 წელს გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც ამ ეტაპზე არ შეესააბამება სინამდვილეს, რის შედეგადაც ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,”- წერია განათლების სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე.
მე-13 ხელფასთან დაკავშირებით სამინისტრო აცხადებს, რომ 2013 წლიდან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას შემოღებულ იქნა დაუბეგრავი მინიმუმის ცნება – კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 821-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6 000 ლარს, უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1 800 ლარი.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2013 წლის განმავლობაში არ აღემატება 6 000 ლარს, ანუ თვეში საშუალოდ 500 ლარს, 1 800 ლარზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 360 ლარის ოდენობით დაუბრუნდება უკან 2014 წლის გაზაფხულამდე. შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენით. დამატებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,”- განმარტავს სამინისტრო.