ლიტერატურულ კონკურს „პენმარათონის“ პირველ, შესარჩევ ეტაპზე განაცხადების მიღება დასრულდა. სულ შემოვიდა 120 განაცხადი – 73 ქალი და 47 მამაკაცი. კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 21 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული- 71 წლის.
“პენმარათონის” ჯგუფი განაცხადებს 24 მაისიდან 4 ივნისამდე იღებდა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ ლიტერატურულ მასალებს ჟიური დახურული წესით განიხილავს და ფინალისტებს გამოავლენს.
“პენმარათონი – 2018” მთლიანად მიეძღვნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს და საერთაშორისო, ქართულ-გერმანულ ფორმატში ჩატარდება.
პენმარათონი-2018- ის წერითი სესია ჩატარდება 20-21 ივნისს ბაკურციხეში, მაროშენის ტერიტორიაზე. კონკურსის მონაწილე 12 გერმანელი ავტორის გარდა, 19-22 ივნისს პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა გერმანული დელეგაცია კონკურსის ჟიურის, თანაორგანიზატორების, ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ბლოგერების შემადგენლობით. დაგეგმილია სპეციალური ლიტერატურული ვორქშოფი მონაწილეთათვის და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.
- I პრემია- 3000€
- IIპრემია- 2000€
- III პრემია 1000€
პრემიები ცალ-ცალკე გაიცემა გერმანელ და ქართველ გამარჯვებულებზე.
პენმარათონი-2018 დასრულდება ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. უშუალოდ ბაზრობის ტერიტორიაზე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში მოეწყობა კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან (5 გერმანული, 5 ქართული) შედგენილი ორენოვანი კრებულის (ქართულ და გერმანულ ენებზე) პრეზენტაცია. იმავე საღამოს ფრანკფურტში, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში ავტორები წაიკითხავენ ფრაგმენტებს თავიანთი ნაწარმოებებიდან.