საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე სახალხო დამცველი, ადვოკატთა კორპუსი და საპარლამენტო ოპოზიცია.
სახალხო დამცველის განცხადებით, ამ წესის ამოქმედების გადავადება 2009 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ ხდება.
“მოწმის დაკითხვის ახალი წესი აუქმებს ბრალდების მხარისათვის ამ დრომდე მინიჭებულ გაუმართლებელ უპირატესობებს და ამ გზით უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ბრალდების მხარე სავალდებულო წესით ვეღარ მიიღებს მოწმის ჩვენებას.
სანაცვლოდ მოწმე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ თანაბარ პირობებში სავალდებულო წესით მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაიკითხება. მოწმის დაკითხვის ახალი წესის 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.