ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისია სტარტაპების ლაბორატორიას და მედიააკადემიას ქმნის

5 ივნისი, 2018 • 2208
კომუნიკაციების კომისია სტარტაპების ლაბორატორიას და მედიააკადემიას ქმნის

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჟურნალისტებისთვის სტარტაპების ლაბორატორიას ქმნის მედიააკადემიისა და ციფრული ჟურნალისტიკის განსავითარებლად.

ამ ორი ორგანიზაციის შექმნა კომისიის მედიაწიგნიერების ამაღლების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს მოქალაქეების უნარ–ჩვევების ამაღლებას, რათა ყალბი ინფორმაცია სანდოსგან გაარჩიონ.

დღეს, 5 ივნისს, გამართულ პრეზენტაციაზე კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა განაცხადა, რომ მედიასკოლის მიზანი მოქმედი და დამწყები ჟურნალსიტებისა და პროდიუსერებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა.

როგორც ბექაური ამბობს, მედიააკადემია ჟურნალისტებს განუვითარებს უნარებს, რათა შენიშნონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც ნაკლებად იყო კლასიკური მედიის პერიოდში. ასევე, მიაწვდის ინფორმაციას, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები ახალი ამბების შექმნისას.

ბექაურის განმარტებით, 2–3 კვირაში დააფუძნებენ მედიააკადემიას და სექტემბრიდან დაიწყება სასწავლო პროცესი.

კახი ბექაურის თქმით, მედიააკადემია იქნება დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც ნაწილობრივ დაფინანსდება 3კომუნიკაციების კომისიის სახსრებით, ნაწილობრივ კი თავად მოიძიებს ფინანსებს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან. ბექაური ვარაუდობს, რომ წინასწარი ინფრომაციით, კომისიის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი იქნება გადადებული აკადემიის დასაფინანასებლად.

როგორც კახი ბექაურმა განგვიმარტა, მედიააკადემიაში სწავლა არ იქნება უფასო.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ სასწავლო პროცესი ავაწყოთ ხარისხიანად, მაღალკვალიფიციური პედაგოგები მოვიწვიოთ”, – განაცხადა კახი ბექაურმა.

კახა ბექაური ამბობს, რომ მედიააკადემიის და ზოგადად მედიაწიგნიერების ამაღლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას სამაგალითოდ აიღეს გერმანიის მოდელი, სადაც ადგილობრივ მარეგულირებელს აქვს მსგავსი აკადემია.

კომუნიკაციების კომისიის კიდევ ერთი გეგმაა, შექმნას მედიალაბორატორია, სადაც კომისია დააფინანსებს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც უკავშირდება სოციალური მედიის განვითარებას.

ბექაური განმარტავს, რომ ინტერნეტის და სოციალური მედიის განვითარებამ წარმოშვა საჭიროება და მოთხოვნა სხვაგვარი მედიაპლატფორმის არსებობისა. მედიალაბორატორია იქნება ინკუბატორი ახალი იდეების, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ხელს შეუწყობს და დაახლოებით 6 თვის განმავლობაში განავითარებს, შემდეგ კი სტარტაპი შესაძლოა რომელიმე ინვესტორისთვის საინტერესო გახდეს.

კომისიის მედიაწიგნიერების კომისიის სტრატეგიის მიხედვით, ცალკე ყურადღება ეთმობა აუდიტორიას, რომელსაც უნდა გამოუმუშავდეს უნარი, გაარჩიოს ცრუ ინფორმაცია მართალი ინფორმაციისგან.

ამ სტრატეგიის მიხედვით, სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები. კახი ბექაური განმარტავს, რომ ასეთი ტიპის პროექტები ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის უფრო ეფექტურია, რადგან ციფრული მედია და ინტერნეტი ის სერვისებია, რომელსაც ადვილად ითვისებენ ახალგაზრდები და დიდებს ასწავლიან.

“ეს ტენდენცია ჩანს ევროპაში”,. – განმარტავს ბექაური.

[yellow_box]შეფასებები[/yellow_box]

მედიის განვითარების ფონდის ხემძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ კომისიის სტრატეგიას აკლია ადგილობრივი კონეტქსტის გააზრება და ის საჭიროებები, რის წინაშეც დგას საქართველო იმ ფონზე, როდესაც ჩაბმულია რუსეთთან ჰიბრიდულ ომში.

“როდესაც ომში ხარ ჩაბმული კრემლთან და სტარტაპები და ჟურნალისტების ტრენინგებია ორი მთავარი კომპონენტი, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. სტარტაპები, ფულის კეთებისა და წახალისების ამბავი, ჟურნალისტების ტრენინგი მარეგულირებლის მხრიდან, როდესაც არსებობს ინსტიტუციონალური უნდობლობა კომისიის მიმართ, ბადებს ეჭვებს”, – განაცხადა თამარ კინწურაშვილამა.

მისი თქმით, სტრატეგიაში არ იყო ნახსენები ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც მეზობელი ქვეყნის საინფორმაციო სივრცეშია მოქცეული.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, ნატა ძველიშვილსაც იგივე შენიშვნა აქვს, რომ სტრატეგიას აკლია ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება.

“მე მჯერა, რომ ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილება შეიძლება მივიღოთ დამხმარედ სწორი სამოქმედო გეგმის დასაწერად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი კონტექსტია, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სამოქმედო გეგმისა და სამქომედო სტრატეგიის შედგენაში”, – ამბობს ნატა ძველიშვილი.

ძველიშვილს კითხვები აქვს სტრატაპებთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით არაა დადგენილი, თუ როგორ წარმართავს მუშაობას მედიალაბორატორია, მნიშვნელოვანია, როგორ, რა ფორმით, რომელი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევენ პოტენციურ ბენეფიციარებს.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ესტონეთის მაგალითიდან გამომდინარე მედიაწიგნიერების მთავარი კომპონენტი არის აუდიტორიის მომზადება, რომ მან შეძლოს კრიტიკულად გაიაზროს მოწოდებული ინფორმაცია.

კუპრაშვილი ასევე განმარტავს, რომ იშვიათია, კუნიკაციების კომისია იყოს წამყვანი რგოლი მედიაწიგნიერების საკითხეში. მისი თქმით, ლეგიტიმურია ისიც, რომ ჟურნალისტებიც იყვნენ მედიაწიგნიერების სტრატეგიის ერთ-ერთი სამიზნე აუდიტორია, რადგან მოქმედი ჟურნალისტებიც ხდებიან ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი.

კუპრაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში არ იციან აუდიტორიის საჭიროებები.

“ჩვენ არ ვიცით აუდოტორიის საჭიროებები კარგად. რომელ ასაკობრივ ჯგუფს რა ტიპის დახმარება სჭირდება მედიაწიგნიერების კუთხით? ან რა ხდება მედიაგანათლებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში? არ ვიცით, რომელია ყველაზე პრიორტეტული ჯგუფი და ყველა ჩვენი ცოდნით გამოვდივართ”, – ამბობს კუპრაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი