ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებას, როგორც მექანიზაციის საშუალებებით, ასევე, სასოფლო სამეურნეო მასალებით.
“საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობ პროექტს უახლოეს დღეებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გამგეობა დაამტკიცებს და მისი განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის თებერვალში დაიწყება. პროექტი დაფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტით, ასევე, არასაბიუჯეტო სახსრებით. პროექტის ფარგლებში დახმარებას 700 ათასზე მეტი ფერმერი მიიღებს. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა, ასევე განიხილეს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მიმდინარეობა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, 8 ათასზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 220 მილიონ ლარზე მეტი სესხი. მათ შორის დაფინანსებულია 348 საწარმო, რომელთაგან 53 სრულიად ახალია. აღსანიშნავია, რომ საწარმოებისათვის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 3%-ს. ეკონომიკურ საბჭო შეთანხმდა, რომ მომავალი წლიდან პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და მას ახალი კომპონენტები დაემატება. დღესვე პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა „სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინასების პროექტი,“ რომლის პრეზენტაციასაც ხვალ, 26 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გამართავს,”- წერია ოფიციალურ განცხადებაში.