გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეროვნულ სატყეო პოლიტიკაზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, საპატრიარქოს წარმომადგენლები ყველა სამუშაო ჯგუფში არიან წარმოდგენილნი.
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის მთავარი სპეციალისტი კარლო ამირგულაშვილი აცხადებს, რომ მომავალში სატყეო მეურნეობის ფუნდამენტურად შეცვლაა დაგეგმილი და სატყეო კანონმდებლობის შემუშავება საპატრიარქოს ჩართულობით უნდა მოხდეს:
“ძალიან მწვავე საკითხია ე.წ. მიჩენილი [დროებით სარგებლობაში გადაცემული] მიწების დაკანონების და მისი მართვის საკითხები. მოიაზრება, რომ შეიძლება არსებობდეს ე.წ. საეკლესიო ტყეები, ოღონდ ეს გადაწყვეტილი არ არის. მომავალი თვეების განმავლობაში, საპატრიარქოს ჩართულობით, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ, თუ როგორი ფორმა იქნება მისაღები”, – აცხადებს კარლო ამირგულაშვილი. მისი თქმით, ეკლესიისთვის ტყის გადაცემა იმისთვისაა საჭირო, რომ მონასტრის გარშემო დაცული იყოს სიწყნარე და არ მოხდეს სერიოზული მუნიციპალური ჩარევები.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სხვა კონფესიებსაც გადაეცეთ ტყის მასივი სამლოცველოების გარშემო სიმშვიდის შესანარჩუნებლად, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ საპატრიარქოს გარდა სხვა კონფესიები ჯერ ამ პროცესში ჩართულნი არ არიან:
“რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათაც დაჭირდეთ, ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა და ლეგიტიმური წინადადება იქნებოდა კონფესიების მხრიდან, თუმცაღა ეს კანონში გაწერილი არ არის, სამწუხაროდ. სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის არსებობს კონკორდატი. არსებული კანონმდებლობით, სხვა კონფესიებზე ეს არ არის განსაზღვრული, თუმცა არც ის არის განსაზღვრული, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ”, – აცხადებს კარლო ამირგულაშვილი.
როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ლალი პეტრიაშვილი განმარტავს, საპატრიარქოსთან მიმართებაში ე.წ. მიჩენის წესის გამოყენებას ერთგვარი კომპენსაციის სახე აქვს:
“კონკორდატში არის ასეთი ჩანაწერი, მე–11 მუხლში, რომ სახელმწიფომ აღიარა მე–19-20 საუკუნეებში, განსაკუთრებით 1921–90 წლებში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვისას ეკლესიისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და ამის კომპენსაციის ვალდებულება აიღო, რის გამოც ხდება ამ უბნების მიჩენაც”, – აცხადებს ლალი პეტრიაშვილი. მისივე განმარტებით, ტყის კოდექსში ნახსენები არ არიან სხვა კონფესიის წარმომადგენლები. ამავე კოდექსის თანახმად, ტყე დროებით სარგებლობაში, მიჩენის წესით, საპატრიარქოს გარდა, შეიძლება გადაეცეთ მხოლოდ უბნის მართვით დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებს:
“ეს ჩანაწერი სხვა კონფესიებზე არ ვრცელდება, თუმცა განმარტების საკითხია, თუ სხვა კონფესიები დარეგისტრირდებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, შესაძლოა მათ მოთხოვნის საშუალება მიეცეთ”, – აცხადებს ლალი პეტრიაშვილი.
სხვა კონფესიებისთვის ტყის მასივის მიჩენის წესით გადაცემის ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა. “მწვანე ალტერნატივას” 2012 წლის კვლევის თანახმად, გარდა ერთი გამონაკლისისა, როდესაც ტყის მასივი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცა, ეს წესი მხოლოდ საპატრიარქოსთვის ტყის გადასაცემად გამოიყენება. ამავე კვლევის თანახმად, საპატრიარქოს მიერ მიღებული ტყის მასივის ფართობი 1800 ჰექტარს აღემატება.
გოჩა არონიშიძე, რომელიც საპატრიარქოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის წევრია და ტყის მიჩენით გადაცემის საკითხებში 2006 წლიდანაა ჩართული, აცხადებს, რომ საპატრიარქოს, სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, ეს ტყეები “ისტორიულად ეკუთვნის”.
მისივე თქმით, ეკლესიას ყოველთვის ჰპირდებოდნენ ამ ტყეების დაკანონებას, თუმცა “ისტორიული სამართლიანობა დღემდე ვერ აღდგა”, ამიტომ მოლაპარაკებები გრძელდება:
“როცა აძლევდნენ ამ ტერიტორიებს [მიჩენით] ეკლესიას, იყო იქ საუბრები, რომ შემდგომში კანონმდებლობა ისე უნდა დახვეწილიყო, რომ ეს გადასულიყო საკუთრებაში საპატრიარქოზე, თუმცა მინისტრები იცვლებოდნენ. როდესაც მინისტრი იყო ხაჩიძე, ცვლილება შეიტანეს მიჩენაში და უფრო გაართულეს პროცედურები. ეს ნათელი მაგალითია მათი დამოკიდებულებისა ეკლესიის მიმართ და სამართლიანობის მიმართ”, – აცხადებს გოჩა არონიშიძე.
მისი თქმით, არსებობს 265 ეკლესია–მონასტრის სია, რომლის გარშემო ტერიტორიის დაკანონებაც საპატრიარქოს უნდა:
“ჩვენ გვინდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რომლის თანახმადაც ეკლესია მიწათმფლობელი იყო და ტყეების მფლობელი იყო. მე მქონდა გამზადებული 265 ეკლესია-მონასტრის სია, ახლა ეს სია არსებობს ისევ საპატრიარქოში, ველოდებით სამთავრობო კომისიის მიერ განხილვების დაწყებას რომელიც ძალიან გაჭიანურდა. გვინდა, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც რეალობაში მოიყვანს ყველაფერს და არ იქნება ასე – არც შენი და არც ჩემი. ეს მიჩენა რანაირი სარგებლობაა? – 20 წელს რომ გვაძლევთ, გავიდა ეს 20 წელიწადი, მერე რას ვშვრებით?” – აცხადებს არონიშიძე. ის იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქო მიწების “დაბრუნებას” ახალი ხელისუფლების პირობებში აუცილებლად შეძლებს.
მუსლიმთა სამმართველოს უფროსი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ჰექტრობით ტყე არც ერთ კონფესიას არ სჭირდება. მისი თქმით, ტყის დასაკუთრება არც ერთი რელიგიის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რადგან ტყე ყველასია:
“ტყე არის სახელმწიფოსი და ყველასი უნდა იყოს. რას ჰქვია ეკლესიის ტყე და მეჩეთის ტყე?! ეს ჩემთვის, ზოგადად, მიუღებელია. მეჩეთი იქნება თუ სხვა სამლოცველო, გარშემო მცირე ტერიტორია რომ ჰქონდეს, ეს სხვა ფაქტორია, მაგრამ ის, რომ დამატებით, ან განსაკუთრებული ოდენობის ტყე, ან მიწა საკუთრებაში არსებობდეს რომელიმე რელიგიური თემის, ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როგორც მუსლიმისთვის მიუღებელია”, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
როგორც “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, წინა ხელისუფლების პირობებში საპატრიარქოსთვის მიჩენით გადაცემული ტყეები აღარ კონტროლდებოდა, რაც არასწორია:
“მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ საკუთრების სხვადასხვა ფორმები შემოიღოს ტყეებზე, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, რომ როცა გადასცემდნენ ტყეს, შემდეგ აღარ ხდებოდა კონტროლი – ხორციელდებოდა თუ არა ამ ტყის სათანადო მოვლა. უნდა არსებობდეს ტყითსარგებლობის ზოგადი წესები, რომელიც ყველასთვის იქნება აუცილებელი. სიტყვაზე, თუ არ შეიძლება იშვიათი, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოჭრა, ეს არ უნდა შეიძლებოდეს არც სახელმწიფო ტყეში, არც საეკლესიო ტყეში, არც სათემო ტყეში და ა.შ.” – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი. მისივე თქმით, არსებობს არაერთი ფაქტი, როდესაც მიჩენით გადაცემულ ტერიტორიაზე ნაგებობები ჩაიდგა:
“მიჩენილ ტერიტორიაზე შეიძლება აშენდეს მხოლოდ დროებითი ნაგებობა. ადრე მიჩენა მომხდარა იმისთვის, რომ, მაგალითად, ეკლესია აეშენებინათ, მაგრამ დროებითი ეკლესია ხომ არ აშენდებოდა?” – აცხადებს მაჭარაშვილი. მისივე განცხადებით, გარდა ტყითსარგებლობის საერთო წესებისა, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ცვლილებების განხორციელებამდე რელიგიურ უმცირესობათა აზრსაც გაითვალისწინებს და სხვა კონფესიებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არათანაბარ მდგომარეობაში არ ჩააყენებს.