ახალი ამბები

1127 ლარი ხელფასი – მეტროს მემანქანის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან

4 ივნისი, 2018 • 38945
1127 ლარი ხელფასი – მეტროს მემანქანის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან

მეტროს რამდენიმე მემანქანემ ნეტგაზეთს აჩვენა საბანკო სახელფასო ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ მათთვის ხელზე ასაღები ხელფასი 1 100–1 200 ლარის ფარგლებში მერყეობს. ისინი თბილისის მერს, კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ. მან თქვა, რომ მემანქანეების ხელფასები 1 800 ლარს აღწევს. ზოგ შემთხვევაში კი 2 000 ლარს აჭარბებს. თბილისის მერიამ საკუთარი ნათქვამის გასამყარებლად განცხადებაც გაავრცელა.

როგორც მემანქანეები ამბობენ, წარმოდგენა არ აქვთ, თუ რატომ წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამ ოდენობის თანხები. მათივე თქმით, მათი რეალური ხელფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე მერიის მიერ დასახელებული ხელფასი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემთხვევაში.

“1800 ლარი რომ გვქონდეს ხელფასი და 45%–ით გაზრდა მოვითხოვოთ, მართლა გაგიჟდება ხალხი. ჩვენ ვითხოვთ ხელზე ასაღები ხელფასის 1500 ლარამდე ზრდას”, – ამბობენ მემანქანეები. როგორც ისინი აცხადებენ, მზად არიან, დათანხმდნენ ანაზღაურების ეტაპობრივად გაზრდას.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადება. მემანქანეები ამბობენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გამოიყვანა მერიამ აღნიშნული რიცხვები.

მემანქანეების თქმით, კალაძის მეორე ტყუილი შეეხება მათ მოთხოვნებს. როგორც მემანქანეები ამბობენ, მათ არ მოუთხოვიათ მეტროთი მგზავრობის ტარიფის გაძვირება და ამაზე საუბარი დაიწყეს თავად თბილისის მერიამ და სატრანსპორტო კომპანიამ.


მემანქანეები 3 ივნისს, 15 საათზე გაიფიცნენ. პარალელურად დაიწყეს შიმშილობა. რამდენიმე მემანქანეს მალევე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაწყებული შიმშილობის გამო გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი