ახალი ამბები

პარლამენტმა პირველი მოსმენით დევნილთა დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა

24 დეკემბერი, 2013 •
პარლამენტმა პირველი მოსმენით დევნილთა დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა

“კანონპროექტი ადგენს დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის განმარტებებს, რომლებიც აყალიბებს ერთიან მიდგომას იძულებით გადაადგილების პერიოდში დევნილთა საცხოვრებელ ადგილთან მიმართებაში. ამ ტერმინების მიზანია დევნილებზე გაიცეს ერთი დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს როგორც ელექტროენერგიის, ასევე, სხვა კომუნალურების ხარჯებსაც,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 

 

კანონპროექტით მარტივდება დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურა, რადგან ისეთ დებულებებს, როგორებიცაა დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და მისი უფლებები და მოვალეობები, კანონპროექტი არ ითვალისწინებს. 

 

კანონპროექტი ასევე ეხება დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლებს. კერძოდ, დევნილს შემწეობა შეუწყდება, თუ დევნილის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1250 ლარს და მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფელბამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.

 

კანონპროექტში რჩება ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც დევნილს შეუწყდება შემწეობა, თუ ის პირადი განცხადების საფუძველზე არის თანახმა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღების თობაზე.

 

იცვლება დევნილთა საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული უფლებები და საცხოვრებელ ფართიდან გამოსახლების მარეგულირებელი დებულებები. ვინაიდან კანონპროექი არ ცნობს ტერმინს ,,დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი“, კანონპროექტში გამოიყენება ტერმინი ,,მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი“. კანონპროექტით ასევე განსზღვრულია, თუ რომელი საცხოვრებელი ფართები წარმოადგენენ ,,მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი