ახალი ამბები

სახალხო დამცველი: არ არსებობდა უგულავას 00:15 საათზე გადაყენების აუცილებლობა

24 დეკემბერი, 2013 •
სახალხო დამცველი: არ არსებობდა უგულავას 00:15 საათზე გადაყენების აუცილებლობა

“გაუგებარია, რა გახდა თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის 00:15 საათზე განხილვის აუცილებლობის მიზეზი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, თუკი საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე არ მოხდებოდა:

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს მსგავსი შუამდგომლობა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა, ასევე, მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი