როგორც ბურჯანაძემ დღეს, 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ფარცხალაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, ამ უკანსკნელმა დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს:
“საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს, არა მარტო გვაინტერესებს, არამედ გვაქვს უფლება, რომ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია პროკურორის წარსულთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნეს მოწოდებული ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ბატონი პროკურორის წარსულთან დაკავშირებით. პროკურორის თანამდებობა არის პოლიტიკური თანამდებობა, რომელზე მუშაობასაც ჭირდება არა მარტო სამართლებრივი უფლება, არამედ სჭირდება მორალური უფლებაც. ადამიანს, რომელიც გასამართლებული იყო მძიმე დანაშაულისათვის, არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება ეკავოს მსგავსი თანამდებობა. ეს შეუძლებელია მომხდარიყო ნებისმიერ ნორმალურ და თავმოყვარე ქვეყანაში. ჩვენ გვაინტერესებს, იცოდა თუ არა იუსტიციის მინისტრმა და ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ამ ფაქტის შესახებ და დაუმალა თუ არა ბატონმა პროკურორმა ამ ფაქტის თაობაზე შესაბამის თანამდებობის პირებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი დადასტურდება, დაუყოვნებლივ პროკურორი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და თუ ამავდროულად მან დამალა ეს ფაქტი თავისი წარსულიდან, მან ამისათვის პასუხიც უნდა აგოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს მან და მთელმა გუნდმა. ჩვენ ვითხოვთ პასუხს, როგორია სინამდვილეში პროკურორის წარსული, ვითხოვთ პასუხს, რატომ დაინიშნა ასეთი წარსულის მქონე ადამიანი ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში თვითონ პროკურირი გადადგება ამ თანამდებობიდან, ხოლო არგადადგომის შემთხვევაში, მას გადააყენებს მისი ზემდგომი თანამდებობის პირები. პირდაპირ შემიძლია ვთქვა: თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება ნათელი გამოხატულება „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკის კრახისა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ზემოხსენებულ ინფორმაციას ოთარ ფარცხალაძე დღეს გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ 2000 წელს გერმანიაში სამართალდამცველებთან გარკვეული პრობლემები შეექმნა:
“2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა.
მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.