ახალი ამბები

“აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე” – ვაკის პარკში აქცია გაიმართება

3 ივნისი, 2018 • 2914
“აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე” – ვაკის პარკში აქცია გაიმართება

“აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე!”, “სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე” – ამ ლოზუნგებით დღეს, 15:00 საათზე ვაკის პარკში აქციაა დაანონსებული ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად. ამ დროისთვის ფეისბუკზე 3000-ზე მეტი ადამიანი აფიქსირებს, რომ აქციაზე მისვლას აპირებს.

“ძვირფასო მეგობრებო, ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ჩვენ შვილმოკლული ოჯახების გვერდით ვართ, სწორედ ამ თანადგომის გამოსახატად, ვაპირებთ შევიკრიბოთ ვაკის პარკში,რათა ჩვენი ხმა ყველგან ისმოდეს. ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური ჯგუფისა თუ რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვართ რიგითი მოქალაქეები, მეგობრები და გვინდა ჩვენი აზრის პოლიტიკური სარჩულის გარეშე დაფიქსირება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მსგავსი ტიპი აქცია პოლიტიკოსების გარეშე გუშინაც იყო დაგეგმილი მრგვალ ბაღში, თუმცა არ ჩატარდა.

ზაზა სარალიძე და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ დღეიდან რუსთაველზე მიმდინარე აქციებში აქტიურად ჩაერთვებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი