როგორც თარგამაძემ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მცდელობა, რომ პროკურატურამ რაიმე ფორმით ჟვანიას საქმეზე მტკიცებულება მიიღოს:
“როგორც ჩანს, ყჩაღობაში მსჯავრდებული მთავარი პროკურორი საერთოდ ამოვარდა კალაპოტიდან და ამ წუთებში კიდევ ერთ თავზეხელაღებულ აქციას ახორციელებს. ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე, რომელიც გამწვანებასთან დაკავშირებით დააკავეს და შემდეგ 400 000–ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, ახლა, 16:00 საათზე კვლავ დაიბარეს პროკურატურაში. ამის საფუძველი გახდა ვითომ ხარშილაძის მიერ ერთ–ერთ ტურისტულ სააგენტოში ბილეთის დაჯავშნა. ასე ცდილობენ იმის დასაბუთებას, რომ ის მიმალვას აპირებდა. ნებისმიერ ადამიანს მოეხსენება, როგორ ხდება ბილეთების დაჯავშნა სააგენტოში, ეს ყველას შეუძლია საპასპორტო მონაცემების მითითების გარეშეც კი, აქედან გამომდინარე ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც ღია თავხედურ აქციას განსაკუთრებით მას მერე, რაც პრემიერ–მინისტრმაც კი თქვა, რომ ის [ხარშილაძე] სჭირდებათ პატიმრობაში იმისათვის, რომ გახსნან ჟვანიას საქმე. ახლა აქვთ მცდელობა, რომ ეს ადამიანი ნებისმიერი ხერხით მოახვედრონ ციხეში, რადგან მასზე განახორციელონ ზეწოლა და რაიმენაირი ფორმით რაიმენაირი მტკიცებულება მიიღონ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით”, – აცხადებს თარგამაძე.
საპარლამენტო უმცირესობის კდევ ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხარშილაძემ [სტამბულის რეისზე] თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნა, ტურისტული სააგენტო Love travel–ისაგან მიიღო.
“არანაირი ინფორმაციის გაცემას არ ვაპირებ ასე უაზროდ, მაპატიეთ, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. ვერაფერს გეტყვით”, – აცხადებს სააგენტოს დირექტორი ნინო ხითარიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.
კითხვას, მიმართა თუ არა მათ პროკურატურამ, იგი ასე პასუხობს:
“პროკურატურა თუ მომმართავს ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიტყვი. მაგრამ ასე არაოფიციალურად და ტელეფონით არავითარი ინფორმაციის გაცემას არ ვაპირებ. მაპატიეთ, ვეღარაფერს ვიტყვი”.
პროკურატურა საპარლამენტო უმცირესობის ამ განცხადებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოხმაურებია. ნეტგაზეთმა უწყების პრესსამსახურის უფროსთან, თემურ დოლიძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
გივი თარგამაძის თქმით კი, ხარშილაძეს პასპორტი აქვს ჩამორთმეული და ამ დრომდე თბილისში იმყოფება. დეპუტატის განცხადებით, ხარშილაძე ამბობს, რომ იგი მიმალვას არ აპირებდა, ამიტომ თარგამაძე მოითხოვს, გამოძიებულ იქნას, ვინ დარეკა ტურისტულ სააგენტოში ხარშილაძის სახელით და ვინ ითხოვა ბილეთის დაჯავშნა.
კობა ხარშილაძე, რომელიც ჟვანიას დაცვის უფროსობის შემდეგ ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა, ამა წლის 16 დეკემბერს დააკავა ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, რომელიც 2007 წლის საქმეს ეხება. მთავარ პროკურატურაში არ უპასუხეს ნეტგაზეთის შეკითხვას, იგეგემბოდა თუ არა მისი ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკითხვა.
ვახტანგ კომახიძის სტუდია რეპორტიორის მიერ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მომზადებულ დოკუმენტური ფილმში “ტყვიის გარეშე” მოყვანილია საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ხარშილაძე ერთ–ერთი მთავარი მოწმეა. მასალების მიხედვით, ჟვანია გარდაცვლილი პირველად მისმა დაცვის წევრმა, მიხეილ ძაძამიამ აღმოაჩინა: მას შემდეგ, რაც ექსპრემიერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ძაძამიამ ფანჯარაში შეიხედა და დაინახა სავარძელში მჯდომი ჟვანია, რომელიც ყვირილზე არ რეაგირებდა. ფილმში მოყვანილი მასალების თანახმად, დახლოებით 03:34 საათზე ძაძამიამ დაცვის უფროსს, კობა ხარშილაძეს ტელეფონზე დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა, იგი ბინაში 04:00 საათზე მივიდა და ფანჯრის დამცავი ჟალუზი შეამტვრია. შესაბამისად, გარდაცვლილები პირველად სწორედ ძაძამიამ და ხარშილაძემ ნახეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ძაძამიამ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ როდესაც ისინი ბინაში შევიდნენ, ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნეს და ხარშილაძემ მას გამათბობლის [ნიკალას ფირმის] გამორთვა სთხოვა. ამ ვერსიაში ზემოხსენებული ფილმის ავტორს ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ, წესით, დაცვის წევრებს გაზის სუნი არ უნდა ეგრძნოთ, რადგან იმ ნივთიერებას, რომლითაც ოფიციალური ვერსიით ექსპრემიერი და რაულ იუსუპოვი მოიწამლნენ, სუნი არ აქვს, ამასთან, ბინას გაზის მიწოდება ერთი საათით ადრე შეუწყდა ტექნიკური პრობლემების გამო, სანამ ძაძამია და ხარშილაძე შევიდოდნენ იქ.