დღესვე, სახალხო დამცველის ოფისის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი ანგარიშით, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს შეეხებოდა, ირკვევა, რომ საჯარო სკოლებში, ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა “ჩვეულებრივ ფაქტებად” მიიჩნევა.
“არც კი წარმოუდგენიათ, რომ ფიზიკური ძალადობა არ შეიძლება იყოს ბავშვის აღზრდის შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, ახმეტაში, ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა თავად შემოგვჩივლა, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი ბავშვებს მუდმივად სცემს, და თავად უძლურია რომ რამე შეცვალოს. თუმცა, თავად მშობლების მიერ, ფიზიკური ძალადობა, ძირითადად, არ მიიჩნევა შემაშფოთებლად. ჩვენ ბევრ მშობელს ვესაუბრეთ. ისინი ამბობენ, რა მოხდა მერე, წამოარტყა რა,”- ამბობს მაია სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის წარმომადგენელი, მაია გედევანიშვილი.
“კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა. ბავშვებმა განმარტეს, რომ მანდატურები ახორციელებენ მონიტორინგს სკოლაში და მასწავლებლებისაგან ძალზე იშვიათად მოდის ფიზიკური ძალადობა; რომ ძალადობას აქვს მხოლოდ სიტყვიერი დამცირების ან წყევლის ფორმა,”- წერია იუნისეფის კვლევაში ბავშვთა ძალადობის შესახებ.
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის მაია თქმით, ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში, სკოლებში, მოსწავლეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევების პარალელურად, მათ ვერ მიაკვლიეს ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს.
“სკოლაში ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა მაღალმთიან რეგიონებში, თითქმის, არ არსებობს, მაშინ როდესაც დიდ ქალაქებში ბულინგი პირდაპირ ზედაპირზე დევს. ამას ახსნას ვერ ვუძებნი.საათობის განმავლობაში ვაკვირდებოდით სტეფანწმინდაში გაკვეთილების პროცესს და ვერ აღმოვაჩინეთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები,”- ამბობს მაია გედევანიშვილი.
კვლევა, რომელიც დღეს წარმოადგინეს, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ბავშვთა უფლებების მხრივ არსებული სიტუაციის შესწავლას ისახავდა მიზნად.
“კონკრეტული ამოცანა გვქონდა,- გვენახა როგორ ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას სახელმწიფო. როგორ არის დაცული ბავშვთა უფლებები, მათი განვითარება, სიცოცხლე. შეხვედრები რესურსცენტრების წარმომადგენლებთან, სკოლის პერსონალთან, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და მშობლებთან მაღალმთიან აჭარაში, ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობასა და ყაზბეგის რაიონში გაიმართა,”- ამბობს მაია გედევანიშვილი.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა პრობლემების კვლევის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასევე, “არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორნგი” და “ბავშვთა დახურული ინსტიტუციების მონიტორინგის ზოგადი სტანდარტი.”