ახალი ამბები

კოჟორიძე: ფარცხალაძის საკითხი მხოლოდ სამართლებრივი კუთხით არ უნდა განვიხილოთ

24 დეკემბერი, 2013 •
კოჟორიძე: ფარცხალაძის საკითხი მხოლოდ სამართლებრივი კუთხით არ უნდა განვიხილოთ

როგორც კოჟორიძემ დღეს სააგენტო “პირველის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული კანონმდებლობის თანახმად პირის ნასამართლეობა, თუნდაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, 8 წლის გასვლის შემდეგ ქარწყლდება და სამართლებრივი თვალსაზრისით მას ამ თანამდებობის დაკავების უფლება ჰქონდა:

 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, მთავარი პროკურორი არის უაღრესად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. პროკურატურა და მთავარი პროკურორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მართლმსაჯულების სისტემაში, რიგითი მოქალაქის მხრიდან ამ ორგანოსადმი ნდობაზე ვერ იმოქმედებს დადებითად, თუ მთავარი პროკურორი თუნდაც 10 წლის წინ, თუნდაც 15 წლის წინ, დადასტურდება, რომ იყო მსჯავრდებული პირი გერმანიაში. ეს უნდა გადამოწმდეს ოფიციალურად სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და თუ ის დადასტურდება, მაშინ მთავარი პროკურორის  დანიშვნა–გათავისუფლებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, ვგულისხმობ იუსტიციის მინისტრს და პრემიერ–მინისტრს, უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ”, – აცხადებს კოჟორიძე. მისივე თქმით, შესაბამის ორგანოებს ამ ინფორმაციის მოძიება არ გაუჭირდებათ, რადგან მიუხედავად ხანდაზმულობისა, გერმანიის მთავარ პროკურატურაში საქმე აუცილებლად იქნება შენახული.

 

 

კოჟორიძის თქმით, ინფორმაცია მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო ნასამართლეობასთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და ჟურნალისტებსაც ჰქონდათ, საიას კი აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად ერთ–ერთმა ადვოკატმა, შემდეგ კი კიდევ რამდენიმე პროკურორმა მიაწოდა:

 

“ჩვენ გვქონდა აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ დღემდე ამის ოფიციალური დადასტურება არ გვაქვს, დადასტურებული რომ გვქონოდა, განვაცხადებდით, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობით მივუდექით ამ საკითხს. ვიცოდით, რომ მოხსენიებული იყო ვინმე ოთარ ფარცხალაძე, მაგრამ ვცდილობდით გაგვერკვია, იყო თუ არა საუბარი მთავარ პროკურორზე, რადგან შეიძლება არსებობდეს ორი ერთი და იგივე სახელისა და გვარის ადამიანი.  ჩვენთვის უბრალოდ გასაკვირი იყო, რომ მანამდე ოთარ ფარცხალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მუშაობდა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასმახურშიც”, – აცახდებს კოჟორიძე. 

 

 

კახა კოჟორიძის თქმით, იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი თავიდანვე არასწორი იყო:

 

“მან მისთვის ფაქტიურად უცნობი ადამიანი წარადგინა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ეს არ იყო საქმისადმი სწორი დამოკიდებულება. კანონმდებლობაში მითითებული ჩანაწერი,  რომ იუსტიციის მინისტრი წარუდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატს პრემიერ–მინისტრს, ამას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა არ აქვს, იუსტიციის მინისტრმა უნდა წარადგინოს ისეთი კანდიდატურა, რომელშიც იქნება დარწმუნებული, რომ როგორც წარსულით, ასევე, კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმით ის ხელს შეუწყობს ამ სისტემის სტანდარტის აწევას. ჩვენ როგორც ვიცით, იუსტიციის მინისტრი არ იცნობდა ბატონ ოთარ ფარცხალაძეს”

 

საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ თავისი განცხადებით არ გასცა პასუხი საზოგადოების შეკითხვას, შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სინამდვილეს და ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ეს იყო მიმართული პროკურორის დისკრედიტაციისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი