ახალი ამბები

გივი თარგამაძე: ფარცხალაძე ექსტრადირებული იყო საქართველოში

24 დეკემბერი, 2013 •
გივი თარგამაძე: ფარცხალაძე ექსტრადირებული იყო საქართველოში

გივი თარგამაძე/ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი, რია ნოვოსტი
გივი თარგამაძე/ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი, რია ნოვოსტი

გივი თარგამაძე იუსტიციის მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ მიმართოს გერმანულ მხარეს და ფარცხალაძეზე ინფორმაცია გამოითხოვოს:

„ჩვენ უკვე გავიარეთ კიდევ ერთი სახელმწიფო მუშაკის დიპლომის დაუფლების საოცარი სიტუაცია, როდესაც მთავარმა პროკურორმა  სამოცდამეერთე სკოლაში, სახელდახელოდ დაარსებულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის დიპლომი მაშინ, როდესაც, როცა მან ეს უნივერსიტეტი დაამთავრა, იურიდიული ფაკულტეტი სულ ერთი წლის გახსნილი იყო, რაც ასევე ბადებს კითხვებს.

 

 მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კომპეტენცია არ არის ამ მასალების ოფიციალურად გამოთხოვა. ეს ძალიან კარგადა არის განსაზღვრული გერმანულ იურისპრუდენციაში. ამ მასალების  გამოთხოვის უფლება აქვს ან თავად მსჯავრდებულს, ან მისი მინდობილობით ოჯახის წევრს, ან შესაბამის სახელმწიფო საგამოძიებო სტრუქტურას. ამ შემთხვევაში ეს, ცხადია, არის იუსტიციის სამინსიტრო. აქედან გამომდინარე ჩვენ დაბეჯითებით მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრისგან, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად გააგზავნოს შესაბამისი გამოთხოვის წერილი.”

 

მისივე თქმით, ფარცხალაძეზე ინფორმაცია საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანზაციებმა მიაწოდეს, რადგან ისინი, მისივე თქმით, ძალიან შეშფოთდნენ მთავარი პროკურორის თავზეხელაღებული ქმედებებით. თუმცა თარგამაძე ამ ორგანიზაციებს არ ასახელებს.

 

 რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფარცხალაძის ფინანსურ პოლიციაში  მუშაობას, თარგამაძე ამბობს, რომ ეს სამწუხაროა, თუმცა განმარტავს, რომ ფარცხალაძის მაშინდელი და ახლანდელი პოსტები თანაწონადი არ არის.

 

თარგამაძე ასევე ამტკიცებს, რომ ფარცხალაძე საქართველოში ექსტრადირებულია:

 

„ ეს ადამიანი იყო ექსტრადირებული საქართველოში. მან სასჯელის გარკვეული ნაწილი მოიხადა გერმანიაში და შემდეგ იქნა ექსტრადირებული. ზოგადად ექსტრადირების საფუძველს წარმოადგენს თავის ქვეყანაში ძებნა და საინტერესოა ამის გარკვევაც. თუ ასე იყო, მაშინ სად გაქრა მისი ძებნის მასალები და ამ ეჭვების საფუძველს ისიც აჩენს, რომ მამამისი დიდი ხნის მანძილზე პოლიციელი იყო და ამადროულად ახლო მეგობარი თამაზ თამაზაშვილის. შესაძლოა, ეს იყო გერმანისს სამართალდამცავების ინიციატივა და თავად მოახდინეს ექსტრადირება.”

 

ინფორმაცია მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლეობის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ 23 დეკემბერს გაავრცელა. “ნეტგაზეთი” 24 დეკემბერს დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, სადაც განუცხადეს, რომ მინისტრი თეა წულუკიანი შვებულებაში იმყოფება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი