ახალი ამბები

ბრიტანეთის ხანგრძლივი ვიზის აღების მსურველებს ტუბერკულოზზე შემოწმება მოუწევთ

24 დეკემბერი, 2013 •
ბრიტანეთის ხანგრძლივი ვიზის აღების მსურველებს ტუბერკულოზზე შემოწმება მოუწევთ

 როგორც ნეტგაზეთს, ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (Home Office) მიიღო და ის უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას, რომელიც გაკეთდა 2012 წლის მაისში, სადაც ითქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ შემოწმების მოთხოვნა გავრცელდება დამატებით 67 ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე.

 

“ამ ცვლილებით დიდი ბრიტანეთი ისეთი ქვეყნების რიგებს მიუერთდა როგორიცაა ა.შ.შ., კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია, სადაც მსგავსი შემოწმებები უკვე პრაქტიკაშია. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოსთვის. დიდ ბრიტანეთში ტურისტის ან სხვა სახის ვიზიტორის სტატუსით გამგზავრების მსურველებს წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე არ ესაჭიროებათ. გამონაკლისს წარმოადგენს განაცხადები საქმროს/საცოლის (იგივე საქორწინო) ვიზებზე. მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ მოქალაქეზე, ვისაც სურს მოიპოვოს ბრიტანეთის ვიზები 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის, მათ შორის Tier 4 სასწავლო ვიზები. თავად პროცესი ითვალისწინებს შემდეგს: გამგზავრების მსურველებმა, ვიზაზე საბუთების შემოტანამდე, უნდა მიმართონ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (Home Office) მიერ აღიარებულ სამედიცინო ცენტრს საქართველოში, გაიარონ სრული შემოწმება ტუბერკულოზზე და აიღონ სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ტუბერკულოზის მატარებლები არ არიან. ეს ცნობა მათ უნდა დაურთონ სავიზო განაცხადს. წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე შედის ძალაში 2013 წლის 31 დეკემბრიდან. მათ, ვისაც ესაჭიროება გაიაროს წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის კლინიკას და ჩაეწერონ პროცედურის გასავლელად. სკრინინგის გადასახადი უნდა მოხდეს უშუალოდ ამ სამედიცინო დაწესებულებაში. შემოწმებაზე ჩაწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ 31 დეკემბრიდან. დამატებითი ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (Home Office) მიერ აღიარებულ სამედიცინო ცენტრის შესახებ იხილეთ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი