“მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ წინა სხდომაზე პროკურატურას დაავალა დაცვის მხარისთვის მოწმეთა სიის გადმოცემა, რომელთა დაკითხვასაც ბრალდების მხარე დღეს აპირებს სასამართლოში, პროკურატურამ არ მოგვაწოდა სია. მოწმეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენ გვიჭირს დაცვის სრულყოფილი ორგანიზება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასაკითხი პირების უმეტესობა არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მათ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია ბრალდებულის მიმართ”, – განაცხადა ოთო კახიძემ. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი ვალდებული იყო დაეშალა 26 მაისს მიმდინარე უკანონო მიტინგი, იყო გადამეტებები ცალკეული პოლიციელების მხრიდან, თუმცა ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალება.
სასამართლო პროცესზე სულ 430 მოწმეა დასაკითხი. წინა სხდომაზე 6 მოწმის დაკითხვა იყო დაგეგმილი, თუმცა მხოლოდ 4 მოწმის დაკითხვა მოესწრო. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზეც დაახლოებით 6 მოწმის დაკითხვა იგეგმება.
პროცესი 12:00 საათზე დაიწყო და სავარაუდოდ 18:00 საათამდე გაგრძელდება. სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა უძღვება.