როგორც მან ფორბსის რუსულენოვან გამოცემას განუცხადა, ფონდის ფარგლებში 1 მილიარდი დოლარის პროექტები უკვე შერჩეულია.
“ეს არის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, აბსოლუტურად კომერციული ფონდია. სარგებელი 15%–ზე ნაკლები არ უნდა იყოს ყოველწლიურად. ფონდის მენეჯერები შეარჩევენ საინტერესო პროექტებს საქართველოში და ინვესტირებას განახორციელებენ”.
ჟურნალისტის კთხვას, სად შეიძლება საქართველოში ჩაიდოს 6 მილიარდი აშშ დოლარი, თუ არა სოციალურ პროექტებში, ექსპრემიერი ასე პასუხობს:
“ეს პრობლემაა. ჩვენთან მთელი ჯგუფი მუშაობს ამაზე. ერთი მილიარდის [ღირებულების] პროექტები ჩვენ უკვე შევარჩიეთ: ჰიდროელექტროსადგურები, საავადმყოფოები და რამდენიმე პროექტი სოფლის მეურნეობაში. ბიზნესი გააქტიურდა – ხვდებიან, რომ არსებობენ ინვესტორები, ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაიწყონ სერიოზულ პროექტებზე მუშაობა. ჩემი აზრით, რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ ამ 6 მილიარდი დოლარის ათვისებას.
ფონდს სულ 9 ინვესტორი ჰყავს: მე, მაშკევიჩი, პატარკაციშვილების ოჯახი, ორი კომპანია არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან [Dhabi Group и RAK Investment Authority], აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია, ყაზახეთის “ყაზტრანსოილი”, თურქეთის კომპანია Calik Holding A.S და ჩინეთის Milestone. ჩემი წილი 1 მილიარდი აშშ დოლარია”, – განაცხადა მან.
ჟურნალისტის შეკითხვას, ფონდი მხოლოდ მსხვილ პროექტებს განიხილავს თუ არა, იგი ასე პასუხობს:
“არა, მინიმალური ოდენობა, რისი ინვესტირებაც ერთ პროექტში შეიძლება, 5 მილიონი აშშ დოლარია. უფრო პატარა ინოვაციური პროექტებისთვის ჩვენ სპეციალურ ფონდს ვქმნით. ეს მაქსიმუმ 30–მილიონიანი [დოლარი] ფონდი იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.