ახალი ამბები

სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების წინააღმდეგია

23 დეკემბერი, 2013 •
სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების წინააღმდეგია

სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ის ფორმა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის წარმდგენმა პირებმა გამოყენეს:


“ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე კანონპროექტს პარლამენტი სრულყოფილად ვერ გაანალიზებს. უნდა შეფასდეს კანონის მიღების აუცილებლობა და, ამავდროულად, მისი შესაძლო დადებითი და უარყოფითი მხარეები. 


ამავე დროს, გვსურს განსაკუთრებული ყურადღება  დავუთმოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ითხოვს მოწმეთა მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვის წესის გადავადებას. სახალხო დამცველს სურს შეახსენოს საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ამ ინსტიტუტის ამოქმედების გადავადება 2009 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ ხდება. საქართველოს სახალხო დამცველისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მიდგომა და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას ამგვარი პრეცედენტის განუსაზღვრელი განმეორება. თუკი კანონის ამოქმედება უსასრულოდ გადაიდება, მაშინ თავად მოწმეთა სასამართლოში პირდაპირი დაკითხვის ინსტიტუტი და, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უფლება სისხლის სამართლის პროცესში ფიქტიური იქნება.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით,  მართალია, კანონმდებელს აქვს უფლება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით შეაჩეროს ნორმატიული აქტის მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა ღებულობდეს უსასრულოდ პერმანენტულ ხასიათს . . . კანონის მოქმედებისადმი ამგვარი დამოკიდებულებაუარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლების რეალიზაცია, არამედ თვით ამ უფლების არსებობაც. ასეთ ვითარებაში უფლებები ფიქტიურ ხასიათს იძენენ და შინაარსგამოცლილნი ხდებიან, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 


საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობა მოწმეთა სასამართლოზე დაკითხვის წესის გადავადებას ითხოვს:


“მით უმეტეს, რომ საკმარისი დრო და რესურსი იყო, რათა ამ ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებები განხორციელებულიყო. საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ სხვადასხვა შედარებით-სამართლებრივი მოდელების გათვალისწინებით შესაძლებელია გარკვეული კომპრომისული რეგულირების მიღებაც, რომელიც დააბალანსებს გამოძიების და ბრალდებულის ინტერესებს. ამასთან, მნიშვნელოვანია კანონპროექტის განხილვის დროს გამახვილებული იქნეს ყურადღება იმასთან დაკავშირებით, პროექტის ინიციატორების მხრიდან შემოთავაზებულია თუ არა დროში განსაზღვრული, ქმედითი ღონისძიებები (მათ შორის, გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეთა პროფესიული გადამზადება/ტრენინგები), რომლებიც შესაძლებელს გახდის აღნიშნული ინსტიტუტის სრულყოფილად ამოქმედებას.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ის კანონპროექტები, რომლითაც შესაბამისი დასაბუთების გარეშე ხდება მოწმეთა მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვის წესის და სხვა რეგულირებების მოქმედების გადავადება. საწინააღმდეგო პირობებში კვლავ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება მოწმეთა დაკითხვის არსებული მოდელის მოქმედება, რომელიც რიგ შემთხვევებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საფუძველი ხდება”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი