ახალი ამბები

“მთვარი ამოცანა იყო, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სამეურვეო საბჭო მიგვეღო”

23 დეკემბერი, 2013 • • 971
“მთვარი ამოცანა იყო, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სამეურვეო საბჭო მიგვეღო”

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის წევრებმა კანდიდატთა შერჩევის შემდეგ დღეს, 23 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კომისის მიერ კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. 

 

“შერჩევის დროს ამოსავალი, ერთი მხრივ, იყო ის, რაც არის კანონით განსაზღვრული, თუ ვინ უნდა იყოს დამოუკიდებელი საბჭოს წევრი და მეორე მხრივ, ის პარამეტრი, რაც თავად პარლამენტმა დაუშვა, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საკითხს იხილავდა, – რომ თუკი პირი მონაწილეობდა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიტინგზე, შეხვედრაზე ან არჩევნებში, ეს პირები არ შეიძლება იყვნენ დამოუკიდებელი საბჭოს წევრები. ამ პრინციპით ვიხელმძღვანელეთ და კომისიის წევრებს ამ თემაზე გვქონდა კონსესუსი, სწორედ ამიტომ ვერ შევიყვანეთ კანდიდატთა სიაში ზოგიერთი კანდიდატი. ამ კრიტერიუმმა ერთ მხარეს დატოვა კანდიდატების ნაწილი და მეორე მხარეს – მეორე ნაწილი,”- აცხადებს ია ანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის წევრი.


აღნიშნულ კრიტერიუმზე საუბრისას კომისიის სხვა წევრმა, ნათია კუპრაშვილმა მაგალითისთვის ერთ-ერთი კანდიდატის, მერაბ ქათამაძის შესახებ ისაუბრა.

 

“საკმაოდ საინტერესო კონცეფციის ავტორი იყო მერაბ ქათამაძე. მას დღესაც აქვს კითხვები მის არარჩევასთან დაკავშირებით. ჩვენ თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიას საკმაოდ ზედმიწევნით ვსწავლობდით. გასაუბრების დროს მან გვითხრა, რომ ის ნამდვილად იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი,”- ამბობს კუპრაშვილი ნათია.

 

“ეს იყო გამოწვევა ჩვენი კომისიის წინაშე, შეგვედგინა ისეთი სია, რომელიც იქნებოდა პოლიტიკური და ბიზნესთვალსაზრისით დამოუკიდებელი და მათზე ვერ მოახდენდა შემდგომში გავლენას ეს ასპექტები,”- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე.

 

სხდომაზე კომისიის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრობის მსურველთა 27-კაციანი საბოლოო სია 21 დეკემბერს დაამტკიცეს. 27 კანდიდატიდან 6 -მა კონკურსანტმა ხმების სრული უმრავლესობა მიიღო.


27-კაციანი სიიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საბჭოს 9 წევრს საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს. სია 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ შედგინა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ია ანთაძე, ნინო ბექიშვილი, ზვიად დევდარიანი, ნათია კაპანაძე, ნათია კუპრაშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ზვიად ქორიძე, ზაზა შათირიშვილი და თამაზ ჯოლუგუა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისია 2013 წლის 11 დეკემბერს შეიქმნა და 10 დღის განმავლობაში იმუშავა. 

 

კომისიამ კანდიდატების სია პარლამენტს, სახალხო დამცველსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნა. კანდიდატთა არსებული სიიდან სახალხო დამცველმა 2 კანდიდატი, აჭარის უმაღლესმა საბჭომ -1, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ 3-3 კანდიდატი 3 დღეში უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც 10 დღის ვადაში კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი