ახალი ამბები

“მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია”

23 დეკემბერი, 2013 •
“მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია”

კოალიციას მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებაზე და მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს გამოიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან.


კოალიცია გამოყოფს იმ საკითხებს, რომლებიც დაზარალდება მოწმის დაკითხვის ძველი წესის შენარჩუნების შემთხვევაში. კერძოდ, კოალიციის წევრების განმარტებით, მოწმის დაკითხვის ახალი წესი, მოქმედი ძველი წესისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს:


– მხარეთა რეალურ თანასწორობასა და პროცესის შეჯიბრებითობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლით გარანტირებული პრინციპია. მხარეთა თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია გაუქმდეს ბრალდების მხარისათვის ამ დრომდე მინიჭებული გაუმართლებელი უპირატესობები. კერძოდ, ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი უპირატესობა, რომ გამოძიების ეტაპზე სავალდებულოდ მიიღოს ჩვენება მოწმისგან, მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს ამის უფლება არ გააჩნია. თავის მხრივ, დაცვის მხარე არ მონაწილეობს მოწმის მიერ ბრალდების მხარისთვის ჩვენების მიცემის პროცესში;


– სასამართლო ხელისუფლების კონტროლს მოწმესთან ურთიერთობის პროცესზე, რაც შეამცირებს მოწმეზე ზეწოლის, მცდარი და იძულების ქვეშ მიცემული ჩვენებების რისკს. მოსალოდნელია, რომ ამგვარი გარანტია გააჯანსაღებს საზოგადოების დამოკიდებულებას მოწმის სტატუსით მართლმსაჯულებისთვის დახმარების აღმოჩენის მიმართ. 


“სამწუხაროა, რომ 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა ნორმის გადავადების მექანიზმი. ამის გათვალისწინებით, გვსურს კანონპროექტის ინიციატორებს, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოს, შევახსენოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვითაც: ,,მართალია კანონმდებელს უფლება აქვს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შეაჩეროს ნორმატიული აქტის მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა ღებულობდეს უსასრულოდ პერმანენტულ ხასიათს…ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლების რეალიზაცია, არამედ თვით ამ უფლების არსებობაც. ასეთ ვითარებაში უფლებები ფიქტიურ ხასიათს იძენენ და შინაარსგამოცლილი ხდებიან… ნებისმიერი კანონის მოქმედების უსაფუძვლოდ გაუთავებელი შეჩერება-გადავადება ბღალავს კანონის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებაში ამკვიდრებს განუკითხაობის შეგრძნებას.”


კოალიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, ისე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას მხარეთა თანასწორობაზე. ეს ინიციატივა ასევე ხელს არ შეუწყობს მოწმის სტატუსის სისტემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაჯანსაღებას. 


გამომდინარე აქედან, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ ინიციატივას, ასევე მიმართავს კანონპროექტის ინიციატორებს, რომ გაიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან და იზრუნონ მოწმის დაკითხვის ახალი წესის სრულფასოვან ამოქმედებაზე”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

 

კოალიციის წევრები:


კონსტიტუციის 42- მუხლი

მრავალეროვანი საქართველო

სოლიდარობა უკანონო პატიმრებს

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი

ლიბერალი

კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოება

ასოციაცია მწვანე ტალღა

კავშირი ”21-ე საუკუნე”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 ადამიანის უფლებათა ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

დემოკრატ მესხთა კავშირი

თავისუფლების ინსტიტუტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 

სამოქალაქო განვითარებისსააგენტო

 საქართველოს გაეროსასოციაცია

 ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია

 სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

 დემოკრატიის ინსტიტუტი

 ამერიკის სავაჭრო პალატა

 სამოქალაქო ინიციატივების და დასაქმებულთა დაცვის ასოციაცია

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

თბილისის მედია კლუბი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი