ახალი ამბები

უგულავა: ჩემი თავი ჭირსაც წაუღია, უფლებამოსილებას თავად შევიჩერებ

23 დეკემბერი, 2013 •
უგულავა: ჩემი თავი ჭირსაც წაუღია, უფლებამოსილებას თავად შევიჩერებ

“ჩემი თავი ჭირსაც წაუღია, 5 თვეში ისედაც არჩევნები იყო, ვიბრძოლებ ბოლომდე და თუ მივაღწიე, რომ ეს მავნებლობა, ეს მარაზმი, რაც მთავრობამ დღეს სასამართლოს ხელით გააკეთა, გაუქმდა, შევიჩერებ უფლებამოსილებას კანონით დადგენილი წესით,”- განაცხადა უგულავამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

 

მან კიდევ ერთხელ გადანაცხადა, რომ მოსამართლეზე, რომელმაც მას უფლებამოსილება შეუჩერა, ზეწოლა ხორციელდებოდა. მისივე თქმით, ის აპირებს ბოლომდე იბრძოლოს.

 

“სამწუხაროა, რომ სასამართლო თავს იგდებს ცუდ მდგომარეობაში. პოლიტიკური გარჩევების ადგილი არ არის სასამართლოში და სასამართლომ ამ პრეცედენტით დაუშვა ის, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას- დღეს ეს ხელისუფლებაა, ხვალ შეიძლება სხვა მოვიდეს, ზეგ სხვა- ყველას ექნება ცდუნება სასამართლოს საშუალებით მოაგვაროს პოლიტიკური ოპონენტის პრობლემა, სასამართლოთი ჩამოაშოროს გამგებელი,  ესა თუ ის არჩეული პირი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასა და პროკურატურას აკონტროლებს. ეს არის  მავნე პრეცედენტი, და სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო, იქნება ეს აპელაცია თუ საკონსტიტუციო სასამართლო. და აქვე საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე ვიბრძოლებ ბოლომდე, მივაღწევ იმას, რომ ეს პრეცედენტი ანულირდეს, გაუქმდეს და მე თუ ამას მივაღწევ, მეორე დღესვე მე თვითონ შევიჩერებ უფლებამოსილებას და მე თვითონ გავაკეთებ იმას, რასაც დაჟინებით მოითხოვს ხელებისმტვრევით სასამართლოს საშუალებით პროკურატურა და დღევანდელი მთავრობა. გავაკეთებ ამას იმიტომ, რომ მიმაჩნია მე არ ვიბრძვი თანამდებობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ პრეზიდენტზე მეტად პრესტიჟულია, იყო საქართველოში პირდაპირ არჩეული მერი და ჩემთვის ეს ისტორიული მოვლენაა იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიაში მე ვიყავი პირველი პირდაპირ არჩეული მერი. მიუხედავად ამისა, ჩემთვის არ არის ეს ბრძოლა თანამდებობისთვის, ჩემთვის ეს არის იმ პრინციპისთვის, რომ მომდევნო პერიოდში ვინც არ უნდა იყოს არჩეული გინდა ახალციხეში, ადიგენში და გინდა თელავში ასე პარტიზანული მეთოდით, სურვილისამებრ გადაყენება და უფლებამოსილების შეჩერება არ მოხდეს. მე ამას თუ მივაღწიე, მეორე დღესვე დავწერ განცხადებას და ვიტყვი, რომ კანანონის დადგენილი წესით ვიჩერებ უფლებამოსილებას. მთელ ჩემს დროს მოვახმარ, რომ ვიარო სასამართლოში და ამ ხალხს დავუმტკიცო, რომ ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები თითიდან გამოწოვილია,”- განაცხადა უგულავამ.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმებიის ცალკე გაყოფასთან დაკავშირებით. 

 

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ და არ იყვნენ მზად საქმის განხილვის გაგრძელებისთვის და მოწმეების დაკითხვისთვის, რის გამოც პროცესი 9 იანვრისთვის გადაიდო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი