“ყველამ კარგად იცით, როგორი იყო ჩემი რეაქცია ადრე, როცა ხდებოდა ასეთი ჩარევები. მე ჯერჯერობით არ მსმენია, გარდა ამ განცხადებისა, რომ კონკრეტულად რაღაც მოხდა. თუკი დადასტურდა, რომ ასეთი რამ განხორციელდა, მე პირადად უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობით განვახორციელებ ძალიან მკაცრ კონტროლს იმაზე, რომ შემდგომში რამე აღარ მოხდეს… მთავარია, რომ ჩემამდე მოვიდეს ეს საქმე და მითხრან, რომ დიახ, სწორედ ასე მოხდა”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ასევე, კომენტარი გააკეთა მოსამართლის მიერ უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღების საკითხზე:
“კანონიერად გააკეთა სასამართლომ ის, რომ რაც კანონში წერია, გამოიყენეს ეს უფლება და ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ მე ან რომელიმე თავმჯდომარეს უნდა გვეთქვა მისთვის და ჩავრეოდით, რომ ეს ასე კი არ გააკეთო, ისე გააკეთე, ამას თუ ვინმე მეტყვის ძალიან შეცდება. ეს არის სწორედ ჩარევა მოსამართლის დამოუკიდებლობაში. კეთილი უნდა ვინებოთ და პატივი ვცეთ მოსამართლის გადაწყვეტილებას. არ შეიძლება მხარეებს მოეწონოთ ერთი რაღაც გადაწყვეტილებაში და მეორეზე თქვან, რომ ეს ცუდია. მათ მოსწონთ მხოლოდ ის, რაც მათთვის არის ხელსაყრელი და არ მოსწონთ ის, რაც ობიექტურია, მაგრამ მათთვის შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი.”