ახალი ამბებიკომენტარი

“მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ” – ანა სუბელიანი სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე [ვიდეო]

31 მაისი, 2018 • 4542
“მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ” – ანა სუბელიანი სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე [ვიდეო]

“ეს უკვე ის კრიტიკული მომენტია, როცა მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც დღეს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა.

“დღეს მე ამ აქციას შევუერთდი იმიტომ, რომ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვახატო ბატონი ზაზა სარალიძის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სისტემის მსხვერპლია. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ადამიანებზე ძალადობს, რომელიც დამნაშავეებს აფარებს ხელს და რომელიც, სულ მცირე, არაკომპეტენტურია გამოძიებაში და არის ძალიან დიდი ეჭვები, რომ გარიგებებს და დანაშაულის დაფარვას აქვს ადგილი. ვფიქრობ, რომ ეს უკვე ის კრიტიკული მომენტია, როცა მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ და დღევანდელი დღე ამის კარგი მაგალითია”, – აცხადებს ანა სუბელიანი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი