“სასამართლოს განჩინების მიხედვით, დედაქალაქის მერი თანამდებობიდან გადაყენებულია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობსას. გიორგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. სწორედ გამოძიებისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან “.-განაცხადა სპიკერმა-მოსამართლემ ეკა არეშიძემ.
შეკითხვაზე, თუ რატომ განიხილა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ზეპირი მოსმენის გარეშე, ეკა არეშიძემ განაცხდა:
“თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე სასამართლო უფლებამოსისლია განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, უფლება ჰქონდა გაეკეთებინა არჩევანი და გააკეთა ასეთი სახის არჩევანი. ეს კონკრეტულად გადაწყვიტა მოსამართლემ და ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, მას ჰქონდა ამის უფლება. ზოგადად გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ძირითადად ასეთი სახის შუამდგომლობა იხილება ზეპირი მოსმენის გარეშე”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას 21 დეკემბერს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლომ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე, რომელიც უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.
უგულავას ადვოკატი გიზო უგლავა აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
გიგი უგულავას ახალი ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.