“ასევე ვიმსჯელებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ”.
დაცვის მხარეს გასაჩივრებისთვის 48-საათიანი ვადა აქვს. გიგი უგულავას ადვოკატმა მოსამართლის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერებაზეც ისაუბრა:
“კანონმდებლობა უშვებს მოსამართლის დისკრეციას, რომ განეხილა აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მის აბსოლუტურ უფლებამოსილებას, აღნიშნული გააკეთოს რაიმე დასაბუთების გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს დედაქალაქის მერთან, საქმე გვაქვს იმ ქალაქის მერთან, სადაც მილიონსხევარი ადამიანი ცხოვრობს, ამ ქალაქის არჩევნებში გაიმარჯვა გიორგი უგულავამ და ასეთ ვითარებაში იმ საქმის მიმართ, რაზეც საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, შუამდგომლობა არ უნდა განხილულიყო ზეპირი მოსმენის გარეშე”. – განაცხადა უგულავას ადვოკატმა “რუსთავი 2”- ის ეთერით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას 21 დეკემბერს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლომ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე, რომელიც უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.
გიგი უგულავას ახალი ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.