ახალი ამბები

გიგი უგულავას პირველი განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ

22 დეკემბერი, 2013 •
გიგი უგულავას პირველი განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ

“დღეს, ღამის პირველ საათზე, სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც მოპასუხე მხარემ უკვე დატოვა სასამართლო, მარტო დარჩენილ მოსამართლე დალი მეტრეველსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანზე მთავრობის ზეწოლამ გაჭრა!

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა იყო მთავრობის მიზანი: თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პარალიზება მერის არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში. 

 

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული დევნა წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათისაა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში სასამართლოს მძიმე ხვედრი ერგო. იგი ჩართეს პოლიტიკურ პროცესში და თბილისელების 55%-ის მიერ არჩეული მერი უაპელაციოდ,  პასუხის გაცემის შანსის გარეშე გადააყენეს.

 

მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, მერიის თითოეულ თანამშრომელს: მეგობრებო, ბრძოლა არ წყდება! არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი, გარდა არჩევნებისა, კონსტიტუციის თანახმად არ არსებობს და მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა არჩევნებზე ხალხის მიერ გამოხატული ნება ფეხქვეშ არ ითელებოდეს დახურულ კაბინეტებში”.- ნათქვაია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას 21 დეკემბერს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლომ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე, რომელიც უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. 

 

გიგი უგულავას ახალი ბრალდება  2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი