ახალი ამბები

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერდა

22 დეკემბერი, 2013 •
გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერდა

პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებაზე ჩატარდა, მოსამართლემ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა მეორე შუამდგომლბაზე, რომელიც უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა:

 

“შემდეგ სასამართლოდან დაურეკეს გიგი უგულავას და აცნობეს, რომ მერი აღარაა. ჩვენ ამას ველოდებოდით, არ გაგვკვირვებია. გვქონდა ინფორმაცია მთელი დღის მანძილზე, როგორი ზეწოლა იყო სასამართლოზე. სწორედ ამიტომ გადმოიტანეს საქმე რუსთავიდან თბილისში. თუ ღარიბაშვილისა და სევდია უგრეხელიძის გასაუბრებასაც გავიხსენებთ მთავრობის სხდომაზე, ალბათ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ივანიშვილის დაკვეთით ღარიბაშვილმა მილიონნახევრიანი ქალაქის მერი ქურდულად, ღამის პირველ საათზე გადააყენებინა”.- განუცხადა ნადირაშვილმა “ნეტგაზეთს”.  

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დალი მეტრეველმა 21 დეკემბერს გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა და მას 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.  პროკურატურა უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ეს არ იყო ერთდადერთი შუამდგომლობა, რომელიც საგამოძიებო უწყებამ დააყენა. პროკურატურამ სასამართლოს უგულავასთვის უფლაბმოსიელების შეჩერების შუამდგომლობითაც მიმართა. დახურულ კარს მიღმა უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე იმავე მოსამართლემ იმსჯელა. 

 

 სასამართლო სხდომის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, უგულავამ განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე მის უფლებამოსილების  შეჩერების საკითხზე მოსამართლეს არ უმსჯელია და აღნიშნა, რომ  ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შანსი არსებობდა:

 

“ამ სასამართლოს დღეს ეს საკითხი არ განუხილავს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურის განცხადება იყო, შესაძლებელია, რომ ეს სასამართლომ განიხილოს, […]დიდი ალბათობით, გეგმა არის ის, რომ აქ ეს სპექტაკლი დაედგათ, ბოლომდე მოგვწოლოდნენ, აქ მაქსიმუმი აიღეს გირაოს სახით, მე მოსამართლეს არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ანალოგიურ შემთხვევებში აღკვეთის გარეშეა ზუსტად იგივე ბრალდებებზე. მთავარი მათი საწადელი რაც არის, არჩევნების წინ ჩამომაშორონ მე ჩემს საქმიანობას, ტესტი იქნება, ამას [ უფლებაოსილების შეჩერებას] სასამართლო გააკეთებს ზეპირი მოსმენის გარეშე, მარტო, პარტიზანულად თუ არა.  კანონით ამ ტიპის განხილვის უფლება აქვს, მაგრამ არა ამ საკითხის, რადგან ნორმალურ ქვეყანაში კანონი არ ითვალისწინებს არჩეული თანამდებობის პირისთვის უცბად უფლებამოსილების შეჩერებას, თუ პირდაპირ დანაშაულზე არ წაასწრეს. ჩვენ ხვალ ან დღეს, არ ვიცი როდის იქნება, ვნახავთ ტესტს, რამდენად შეიძლება სასამართლო პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ.”- განაცხადა უგულავამ სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

გიგი უგულავას ახალი ბრალდება  2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი