ახალი ამბები

გიგი უგულავა: მოსამართლეზე და სასამართლოზე მიდის არნახული ზეწოლა

21 დეკემბერი, 2013 •
გიგი უგულავა: მოსამართლეზე და სასამართლოზე მიდის არნახული ზეწოლა

“პირველ რიგში, მე ერთი რამ მინდა ვთქვა. ის, რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, რომ საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე, რა მოძრაობებსაც აქვს დღეს ადგილი ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს მიმართ. […] ის, რაც დღეს ხდება, ყველა ზღვარს მიღმაა. მე მხოლოდ ნაწილს დავასახელებ, მიდის ამ სასამართლოსა და მოსამართლეზე არნახული ზეწოლა, დაგისახელებთ გვარებს, ვინ არის ამაში ჩართული – შსს გენინსპექციის ხელმძღვანელი ჯანყარაშვილი, პრემიერმინისტრის ახლო ნათესავი და რეალურად მინისტრი დღეს,  ამაში ჩართულია ჩხენკელი, რომელიც ასევე გენინსპექციაში იყო და ახლა კანცელარიაში რეგიონების უფროსად დაინიშნა. ამაში ჩართულია ჩხენკელის ძმა, ალბათ, აქ ერთ-ერთი ტელეკომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის ხუხაშვილია, ყველა ბიზნესში ის დაძვრება და წილების გადანაწილება მისი მეოხებით და ცხვირის ჩაყოფით ხდება. კონკრეტულად რა მექანიზმებით და როგორ მიმდინარეობს ეს ზეწოლა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ ეს რომ ასეა, შემიძლია გითხრათ იმ სურვილით, რა სურვილითაც ამ შემთხვევაში მთავრობა მიმართავს მათ, მთავრობის სურვილი, რა თქმა უნდა, არის ჩემი დაპატიმრება. თუმცა საერთაშორისო სკანდალის თუ სხვა არგუმენტების გამო მათ სასამართლოს მოთხოვეს გადაყენება ან უფლებამოსილების შეჩერება. რეალურად შეიძლება დღეს შედეგი დადგეს არა დაპატიმრება, რასაც პროკურატურა მოითხოვს, არამედ უფლებამოსილების შეჩერება. უბრალოდ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონები, მეგობრებო, და ამ კანონების მიხედვით მე უნდა დამაპატიმრონ იმისათვის, რომ უფლებამოსილება შემიჩერდეს, ან კანონი უნდა დაარღვიო, სხვა აღკვეთიდ ღონისძიება- გირაო უნდა გამოიყენო, მაგრამ უფლებამოსილება შემიჩერო. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ,ურცხვად იქნება კანონი დარღვეული”. – განაცხადა უგულავამ. 

 

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ამჟამად ჰყავს მთავრობა, რომელსაც ენა წინ უსწრებს:

 

“ძალიან მარტივი ამოსაცნობია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ენა წინ უსწრებს. ენამ წინ გაუსწრო ბესელიას, როდესაც დააანონსა, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა, როდესაც ანალოგიურ შემთხვევაში საერთო აღკვეთის ღონისძიების გარეშე აქვს სასამართლოს დატოვებული. ენამ წინ გაუსწრო პრემიერ-მინისტრს, როდესაც მთავრობის სხდომაზე მისულ პირველ ვიცემერს, ქალბატონ სევდია უგრეხელიძეს შეახალა, რომ ის სულ მალე იქნება მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვინაიდან კანონით მერის გადაყენების ან დაპატიმრების შემთხვევაში პირველი ვიცემერი ასრულებს მოვალეობას. ეს მოხდა 2 დღის წინ, ამაზე ქალბატონი სევდია ისაუბრებს”- განაცხადა უგულავამ. 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს ახალი ბრალდება  2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 

 

პროკურატურამ შუამდგომლობით დღეს, 21 დეკემბერს მიმართა სასამართლოს, იგი წინასწარი პატიმრობის და უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობას აყენებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი