ახალი ამბები

მთავარი პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

21 დეკემბერი, 2013 •
მთავარი პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

“ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს აგრეთვე მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გიორგი უგულავას ქ. თბილისის მერის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება”.- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს, 21 დეკემბერს, ასევე მიმართა სასამართლოს გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. 

 

თბილისის მერს, გიგი უგულავას ახალი ბრალდება  2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 

“გიორგი უგულავასათვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”.- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი