ახალი ამბები

ბესელია უგულავას საქმეზე: სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო

22 დეკემბერი, 2013 •
ბესელია უგულავას საქმეზე: სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო

“უგულავამ უნდა იცოდეს, რომ მთავარ პროკურორს, რომელსაც სახელიც აქვს, გვარიც და თავისი ბიოგრაფიაც, აქვს ვალდებულება, მოახდინოს რეაგირება ისეთ მძიმე ბრალდებაზე, როგორიცაა 48 000 000 თანხის გაფლანგვა და მითვისება. ასეთი განცხადებებით და ასეთი გამონათქვამებით, რომელსაც იყენებს ბატონი უგულავა, ის თვითონ კარგავს სახეს. მესმის, რომ მისი მდგომარეობა შესაძლოა რთულია, როგორც ბრალდებულის, მაგრამ მას მოეთხოვება იყოს კორექტული და თავის გამონათქვამებს ცოტა მეტად დაატანოს სიმძიმე და შინაარსი. ქალაქის მერს შეუჩერდა უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს არის სწორი, მართებული, რადგან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილ კანონდარღვევაზე და დანაშაულზე ედავება მას პროკურატურა”.- განაცხადა ბესელიამ.

 

ეკე ბესელიამ გიგი უგულავას ის კომენტარი იგულისხმა, რომლის მიხედვითაც მან მთავარ პროკურორს “ცახესი”უწოდა:

 

“ის, რომ პროკურატურა ბოლომდე, მას შემდეგ, რაც ეს ცახესი მივიდა იქ, რომელიც უჩინმაჩინივითაა დამალული და კაციშვილმა არ იცის, რა ხილია, ვინ არის, დიპლომი აქვს, რა გაუკეთებია ცხოვრებაში არავინ, რომ არ იცის”.- განაცხადა უგულავამ. 

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას 21 დეკემბერს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლომ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე, რომელიც უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. 

 

გიგი უგულავას ახალი ბრალდება  2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი