ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მზად ვართ დავიწყოთ ასოცირების ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება

20 დეკემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: მზად ვართ დავიწყოთ ასოცირების ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება

პრემიერ–მინისტრმა წლის განმავლობაში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა, მისი თქმით, ეს წელი გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის:

 

“პირველ რიგში, საქართველოს დემოკრატია ნელ-ნელა უახლოვდება დემოკრატიული ტრანზიციის მტკივნეული პროცესის დასრულებას და გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის შემდგომ საფეხურზე. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა დაიმსახურა საყოველთაო მოწონება, როგორც საქართველოს დემოკრატიის სიმწიფის მომასწავებელმა მოვლენამ. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ ისინი არ შეურიგდებიან დემოკრატიის გზიდან გადახვევას. ჩემი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი” , – განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს პარლამენტის მიერ

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო, რომლის თანახმადაც მეტი ძალაუფლება გადაეცა პარლამენტს. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზეც, ასევე ისაუბრა ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე:

 


“ერთი თვის წინ ვილნიუსში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს დიდ შესაძლებლობებს საქართველოში ბიზნესის წარმართვისა და ინვესტირებისათვის. კერძოდ, ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას ეძლევა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე გასვლის უნიკალური შესაძლებლობა. ეს კი ბუნებრივად გაზრდის ჩვენს მომხიბვლელობას რენტაბელური ინვესტიციების განხორციელების კუთხით. მოველით, რომ საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოება სათანადოდ გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს და, ადრე თუ გვიან, ჩვენ მივიღებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში უზრუნველყოფილ სარგებელს”, – განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს:

 

“ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უკვე დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება. რაც შეეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება გამონახავს სწორ გზას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მზადყოფნა თავისი წვლილი შეიტანოს აცღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში, ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

პრემიერის სიტყვა შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც:

 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებულია და მავთულხლართის გაბმა ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე იწვევს სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს, საქართველო–რუსეთს შორის გასულ წელს დაწყებულმა პირდაპირმა დიალოგმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. ჩვენი სურვილია, ეს დიალოგი გაგრძელდეს და ნაბიჯ–ნაბიჯ მივუახლოვდეთ რთული, დელიკატური პრობლემების მოგვარებას. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა ჰუმანიტარულ ურთიერთობათა ხელშეწყობის თვალსაზრისით. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არჩეული აქვს ევროპული გზა, თუმცა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს ნებისმიერი საგარეო–პოლიტიკური ხედვის ქვეყანასთან.

 

 

“კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მოქალაქეთა სახელით თქვენი მხარდაჭერის, დახმარებისა და თანადგომისათვის. 2014 წელი უკვე მოახლოვდა. გილოცავთ ახალი წლის დადგომას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის განსამტკიცებლად’, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი