“შევხვდები, მოვუსმენ, დაველაპარაკები, იმედია, შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების მიღწევა. შევეცდები ავუხსნა, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს, 20 დეკემბერს, იუსტიციის სახლში პარლამენტის ბიუროს სხდომამდე.
სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს 909 პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა სხვადასხვა მოთხოვნით.
სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში მოშიმშილეები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ, ასევე პატიმართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულს, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე და 262–ე მუხლები ითვალისწინებს, ამნისტია არასათანადოდ შეეხო. ისინი ამ მუხლებთან მიმართებაში მეტ ლიბერალიზაციას მოითხოვენ. ამასთან, პატიმრების ნაწილი მოითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის გაუქმებას, რაც ქურდული სამყაროს წევრობას ითვალისწინებს, ნაწილი ითხოვს მართლმასჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას.