ახალი ამბები

შსს: “თავისუფალი ზონის” წევრები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ

20 დეკემბერი, 2013 •
შსს: “თავისუფალი ზონის” წევრები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ

 

როგორც ნეტგაზეთს შსს–ში უთხრეს, ორგანიზაციის 4 წევრი პოლიციას არ დაემორჩილა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173–ე მუხლით განისაზღვრება.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, “თავისუფალი ზონის” 4 წევრი თბილისში, სასტუმრო ვერე პალასთან დააკავეს, სადაც ისინი საპროტესტო აქციას მართავდნენ:

 

“გაცნობებთ, რომ ამ წუთებში საპატრულო პოლიციამ დააკავა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” 4 წევრი: ფარნაოზ ჭკადუა, დავით გოგოხია, სალომე მახარაშვილი და ბესიკ კალაძე. ახალგაზრდები აპროტესტებდნენ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე ჯგუფების შეკრებას სასტუმრო “ვერე პალასის” წინ. კატეგორიულად მოვითხოვთ ახალაგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ხელისუფლება ღიადაა გადასული ოკუპანტების პრორუსული ორგანიზაციების დაცვასა და ხელშეწყობაზე და უკვე მერამდენედ არბევს პატრიოტულად განწყობილ ახალგაზრდების მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს”, – დაწერა საყვარელიძემ სოციალურ ქსელში.

 

 

შსს–ში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სასტუმროს წინ პოლიცია მეპატრონემ გამოიძახა და მიუთითა, რომ მომიტინგეებს შენობის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. ადგილზე მისულ პატრულს კი ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173–ე მუხლი ნიშნავს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. 

 

შსს–ში ჯერ არ იციან, როდის გაიმართება დაკავებულების სასამართლო პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი