ორგანიზაციის ცაგერის ოფისის წარმომადგენელი სალომე დავითულიანი აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლები მამამისს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ. აღნიშნულ ქმედებებს დავითულიანი მის მიერ ცაგერში მომხდარი ძარცვის ფაქტის გაშუქებით ხსნის:
“ჟურნალისტურ საქმიანობაში ცდილობენ ხელის შეშლას, უშიშროების წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და გამაფრთხილეს, თუ ძარცვის თემაზე მუშაობას არ შევაჩერებდი, მამაჩემს, რომელიც ცაგერის გამგეობაში მძღოლად მუშაობს, სამსახურიდან მოხსნიდნენ.. ამის შემდეგ სწრაფად მომავალმა მწვანე ფერის ფურგუნიანი ოპელის მძღოლმა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ეკეთა, ფეხებთან გამიჩერა მანქანა, დაჯახება იმდენად ძლიერად მოხდა, ზედ გადავემხე, მძღოლმა თითი დამიქნია და წავიდა. კარგად მახსოვს მისი გარეგნობა. ჯერჯერობით ამ ფაქტებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიგვიმართავს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ შედეგი არ ექნება. ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაგებინოთ მომხდარის შესახებ, რადგან ხვალ შეიძლება ჩვენს ადგილზე ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს”.
ზეწოლაზე საუბრობს ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი ელისო კეთილაძეც. მისი მტკიცებით, ქუთაისის ოფისის წევრებს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის გაშუქების გამო აშინებენ:
“უშიშროება კრიმინალური მეთოდებით ცდილობს ჩვენს დაშინებას. რამდენიმე დღის წინ უცნობმა პირმა გამძარცვა, შემდეგ იგივე ადამიანი ჩემს თანამშრომელს სახლთან ელოდებოდა. გვემუქრებოდნენ, რომ ნუ ვაშუქებთ ვანო მერაბიშვილის პროცესს, თორემ ჩვენც მის გვერდით აღმოვჩნდებოდით.”