ახალი ამბები

უცნობია, მოითხოვს თუ არა პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით უგულავას დაპატიმრებას

20 დეკემბერი, 2013 •
უცნობია, მოითხოვს თუ არა პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით უგულავას დაპატიმრებას

 

“2013 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, აიპ „თბილისის განვითარების ფონდიდან” სახელმწიფოს კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ქ. თბილისის მერის – გიორგი უგულავას მიმართ.

 

საქმის მნიშვნელობის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 2013 წლის 20 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არებული თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის, „თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის ალექსანდრე თაბუაშვილის, ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის დავით ავალიანის და ამ უკანასკნელის მოადგილის დიმიტრი ჩხაიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო გიორგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

 

აღნიშნულით მთავარი პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა თავად ბრალდებულ გ.უგულავას სურვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა განხილულიყო საქმე რუსთავის სასამართლოში მაშინ, როდესაც „თეორიული დანაშაული“ ჩადენილია თბილისში, ყველა მოწმე მუშაობს თბილისში და დააყენა საკითხი, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება აღესრულებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ასევე საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოში თავის დროზე განპირობებული იყო ამავე საქმეზე ბრალდებულების მოთხოვნით, რომლებმაც უნდობლობა გამოუცხადეს საგამოძიებო სამსახურის თბილისის დანაყოფს. რაც შეეხება დანაშაულის „თეორიულობას“, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ გამოძიება ეხება „თბილისის განვითარების ფონდის“ საბანკო ანგარიშიდან ყოველგვარი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე გატანილ სახელმწიფოს კუთვნილ 48 მილიონ ლარს, რაზეც გიორგი უგულავა ბრალდებულის სახით არის მიცემული პასუხისგებაში და მას, როგორც წინასწარი, ისე სასამართლოს გამოძიების მიმდინარეობისას, გარანტირებული ექნება სრული შესაძლებლობა ისარგებლოს კანონით მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის მინიჭებული უფლებებით. ამდენად, ვინაიდან აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესარჩევად ბრალდების მხარე შუამდგომლობას წარადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი განსჯადობის წესის შესაბამისად”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

პროკურატურაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მოითხოვს თუ არა უწყება აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების განსაზღვრავს და როდის მიმართავს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით. როგორც ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი