ახალი ამბებისამართალი

ტყუილს ავრცელებენ, თითქოს 2 ბრალდებულის გათავისუფლება მინდა – ზაზა სარალიძე

30 მაისი, 2018 • 3368
ტყუილს ავრცელებენ, თითქოს 2 ბრალდებულის გათავისუფლება მინდა – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორივე პირის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს და ტყუილია, თითქოს ამ ბრალდებულების გათავისუფლება უნდა.

“გააჟღერეს ინფორმაცია, თითქოს ზაზა სარალიძეს უნდა მკვლელობაში ბრალდებული 2 პირის გამოშვება. რას ლაპარაკობთ? პირიქით! ეს ორი ბრალდებული უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ და მკაცრად. ადამიანმა აღიარა პირდაპირ, დავარტყი დანაო და როგორ არ დავეთანხმები ამ შემთხვევაში ბრალდებას? არავის გაუჩნდეს ეჭვი, თითქოს მე მათ განთავისუფლებას ვითხოვ. უნდა დაისაჯონ ესენი სრული სიმკაცრით იმის გათვალისწინებით, რა ბრალეულობაც აქვთ.

გარდა ამისა, გამოიყვანონ დანარჩენი დამნაშავეები გარეთ… რატომ არ გამოჰყავთ? იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცის შვილი ან ძმისშვილია? დღეს ჩემი შვილი მოკლა, ხვალ თქვენ შვილს მოკლავს, ხალხო… არ ვიცი, სხვა რა განმარტება გავაკეთო ამაზე. რატომ აკეთებს პროკურატურა ამას? მართლა, სისხლისღვრის ქვეყანა ხომ არ უნდა იყოს?” – განაცხადა TV პირველის ეთერში ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ჩხუბში მონაწილე მიხეილ კალანდიას და კიდევ ერთი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. მოკლული არასრულწლოვნის მამა ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ და რომლებმაც დანაშაულის დაფარვას შეუწყეს ხელი.

“მიხეილ კალანდია უკვე სრულწლოვანია და სრული უფლება მაქვს, ვისაუბრო მასზე. კიდევ არის მეორე პიროვნება, რომლის სახელს და გვარსაც არ ვიტყვი. პირდაპირ დასტურდება კალანდიას მონაწილეობა დაჭრის ფაქტში და რატომ იძიებს პროკურატურა, ვერ ვხვდები… რა არის ასეთი გამოუაშკარავებელი, როცა ყველა ფაქტი წინ უდევს. დღესაც, ბრალდების მხარეს რომ ვუსმენდი, მაქსიმალურად ეცადა მის გამოყვანას და იმას, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება გაიზიაროს მოსამართლემ. ყველაფერს რომ თავი დავანებით, ადამიანი, რომელიც პირდაპირ სასამართლოში ცვლის საკუთარ ჩვენებას, არის თუ არა პასუხისგებაში მისაცემი?”

  • 27 მაისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა აქცია #ნუმომკლავ. პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ საზოაგადოების სხვადასხვა ჯგუფების წევრები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და ა.შ. მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებდნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც მაისის შუა რიცხვებში ამავე ადგილას მკაცრ ნარკოპოლიტიკას და კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ.
  • ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი არ გამოაშკარავდება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება, უფრო მასშტაბური აქციებით გააგრძელებს პროტესტს.
  • პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციდან ორი დღის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ სთავაზობს ზაზა სარალიძეს სამუშაო შეხვედრას კითხვებზე პასუხების გასაცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი