ახალი ამბები

სკოლებში არასაბავშვო წიგნების შეტანას შეცდომას უკავშირებენ

19 დეკემბერი, 2013 •
სკოლებში არასაბავშვო წიგნების შეტანას შეცდომას უკავშირებენ

2013 წლის ნოემბერში, პროექტის “ერთად შევეგებოთ ევროპას“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენსი და არის ევროკავშირის კონტრაქტორი ორგანიზაცია, ჩატარდა ევროკავშირის კულტურის კვირეული -„ ვისაუბროთ წიგნებზე“.

 

როგორც პროექტის ხელმძღვანელი მაია ჩიტაია და პროექტის ექსპერტი ხათუნა ცხადაძე ამბობენ, პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა ავტორების მონაწილეობით, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლებში. პროექტი ითვალისწინებდა სკოლებში წიგნის კითხვის კლუბების შექმნას, რის შედეგადაც პროექტში მონაწილე 24 სკოლას საჩუქრად გადაეცა ქართულ ენაზე გამოცემული ევროპული ლიტერატურა.


წიგნების ნაწილი, მათი განმარტებით, შეირჩა უნივერსიტეტებში ჩასატარებელი დისკუსიებისთვის და ნაწილი – სკოლებისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის კი, იყო საბავშვო და თინეიჯერული ლიტერატურა.

 

როგორც აღმოჩნდა, სკოლის მოსწავლეებისთვის ის წიგნები დარიგდა, რომელიც მათთვის არ იყო განკუთვნილი. საუბარია ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერლის ჟან ჟენეს “ნოტრ დამ დე ფლერზე.”ამასთან დაკავშირებით, პროექტში მონაწილე ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის მშობლის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის არასაბავშვო ლიტერატურის სკოლაში შეტანას აპროტესტებს.

 

“სამწუხაროდ, ნაკრებების განაწილების დროს, უყურადღებობის გამო, სასკოლო წიგნებს შეერია საუნივერსიტეტო დისკუსიებისთვის გათვლილი წიგნები. ეს იყო ადამიანური შეცდომა კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების. მხოლოდ 24 სკოლას (მთელი საქართველოს მასშტაბით) გადაეცა თითო ნაკრები. თითოეულ ნაკრებში იყო სხვადასხვა ავტორის მხოლოდ ერთი წიგნი. ლაპარაკია ამ წიგნების მხოლოდ 24 ცალ ეგზემპლარზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში პროექტის ხელმძღვანელი მაია ჩიტაია. 

 

მისივე თქმით, წიგნები პირდაპირ ბავშვებისთვის არავის დაურიგებია და ეს არ იყო პროექტით გათვალისწინებული.

 

“ისინი გადაეცა სკოლის წარმომადგენელს, მასწავლებელს/დირექტორს/ბიბლიოთეკარს, პროექტის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, რომ მათ დრო ჰქონოდათ გაცნობოდნენ ლიტერატურას და გაენაწილებინათ ისინი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. რადგან წიგნების სულ თითო ეგზემპლარი იყო მთელ სკოლაზე, ყველაზე მიზანშწონილი იყო, პასუხისმგებელ პირს – მასწავლებლებს – გადაეხედა და ბავშვებისთვის დისკუსია მოეწყო, რომელიმე ავტორზე, კონკრეტულ წიგნზე ან თავად მოეფიქრებინათ და განესაზღვრათ რას შესთავაზებდნენ ბავშვებს.”

 

მაია ჩიტაია ამბობს, რომ ზოგიერთ სკოლაში პედაგოგებმა მაშინვე შენიშნეს, რომ რამდენიმე წიგნი არ იყო საბავშვო და აცნობეს მათ, რის შემდეგაც, უპრობლემოდ გამოსწორდა მდგომარეობა და ეს კონკრეტული წიგნები ამოიღეს ყველა სკოლიდან.


“თუმცა ზოგან უკვე გაცემული ჰქონდათ წიგნები მათი წინასწარი შერჩევის გარეშე. ჩვენ კონტრაქტორი ორგანიზაცია საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით მომხდარი ინციდენტის გამო და ამიერიდან, მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი