სერგეენკომ დღეს ზემოხსენებული კომპანიების დასახელებისაგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა იმ ქვეყნებს, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. მისივე თქმით, ერთ–ერთი კომპანია ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩს ეკუთვნის, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ერთ–ერთი ინვესტორია:
“რიგ კომპანიებთან და ასეთი კომპანიების რაოდენობა 10–ზე მეტია, პრაქტიკულად დასრულდა მოლაპარაკებები იმისათვის, რომ ისინი შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. ახლა არის უკვე ჩვენი სვლა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველვყოთ ეფექტური ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა, რათა ბაზრის მაქსიმალურად გახსნის პირობებში დავიცვათ ჩვენი მომხმარებლები უხარისხო მედიკამენტებისაგან. საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შექმნა ხარისხის კონტროლის სისტემა, რათა ზუსტად გავზომოთ მედიკამენტების ხარისხი, რომელსაც ისინი შემოიტანენ. თუ რომელ კომპანიებზეა საუბარი კონკრეტულად, იმდენად, რამდენადაც მოლაპარაკებების სტადია მიმდინარეობს [სრულდება], მე თავს შევიკავებდი მათი დასახელებებისაგან. შემიძლია გითხრათ ქვეყნები: ეს არის ისრაელი, აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყანა და უკრაინა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, უცხოური კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ადგილობრივ მწარმოებლებზე ნეგატიურად არ აისახება:
“ის გეგმა, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, რა გავლენას იქონიებს ადგილობრივ მწარმოებლებზე? ცალსახად პოზიტიურს და შემიძლია მთავარი არგუმენტიც დაგისახელოთ. მდეიკამენტების ერთ–ერთი უმსხვილესი შემსყიდველი სახელმწიფოა და ამ მედიაკმენტებს ყვყიდულობთ სახელმწიფო პროგრამებისათვის: დიაბეტის პროგრამა, შიდსი, ტუბერკულოზი და ასე შემდეგ. რადგან საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის სისტემა არ არსებობს, სახელმწიფო თავს იზღვევს და ასეთ მედიკამენტებს მხოლოდ ე.წ. აღიარებული ქვეყნების მიერ წარმოებულს ყიდულობს: ეს არის ევროკავშირი, ისრაელი, კორეა და იაპონია, მაშინ, როდესაც იგივე მედიკამენტები აქვს ადგილობრივ მწარმოებლებს და ფასიც ბევრად დაბალია, მაგრამ რადგან არ ვიცით დადასტურებულად ხარისხი, მათგან ვერ ვყიდულობთ. ხარისხის კონტროლის სისტემა სახელმწიფოს სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა და ეს ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, რომ თუ ისინი რეალურად ხარისხიან პროდუქციას უშვებენ, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს ექსკლუზივი მივცეთ, ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. ბაზარი მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოს”, – განაცხადა სერგეენკომ.